საქართველოსა და ხორვატიას შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ, რომლის ფარგლებშიც ორ ქვეყანას შორის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიები ჩამოყალიბდება.
დოკუმენტზე ხელმოწერა ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილისა და ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრის, გორდან გრლიჩ რადმანის ორმხრივი შეხვედრის შემდეგ გაიმართა.
ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილის განცხადებით, შეთანხმება ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას.
„ერთობლივი კომისიების ფარგლებში შეგვეძლება, ფორმალურად განვსაზღვროთ ის პრიორიტეტები, რომლებიც ორ ქვეყანას აქვს ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით. ვფიქრობ, ეს გააღრმავებს ჩვენსა და ხორვატიას შორის ურთიერთობებს, ხელს შეუწყობს სავაჭრო ბრუნვის გაზრდას და სხვადასხვა ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობას“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.