ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, „საქართველოსთვის TRACECA-ს თავმჯდომარეობა მნიშვნელოვანია პარტნიორ ქვეყნებთან უკეთესი კოორდინაციისთვის, რაც ხელს შეუწყობს ჩვენს დერეფანში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას“
ლევან დავითაშვილმა საერთაშორისო სატრანსპორტო პროგრამის TRACECA (ევროპა - კავკასია - აზიის სატრანსპორტო დერეფნის) მთავრობათაშორისი კომისიის (IGC) ყოველწლიური, რიგით მე-16-ე სხდომის გახსნის ღონისძიების დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ „ბოლო 30 წლის განმავლობაში ტრასეკა უმთავრესი პლატფორმაა ევროპისა და აზიის დაკავშირების კუთხით, ჩვენი ქვეყანა ტრასეკას აქტიური წევრია და მიმდინარე წელს საქართველო გადაიბარებს ტრასეკას თავმჯდომარეობას“.
ვიცე-პრემიერის შეფასებით, გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, დღეს ტრასეკას მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაზრდილია. მისი თქმით, „შუა დერეფანი“ და ტრასეკა წარმოადგენს ევროპისა და აზიის საიმედო კავშირს და შესაბამისად, მნიშვნელოვნად ზრდის შუა დერეფნის და ტრასეკას წევრი ქვეყნების სატრანსპორტო ჯაჭვების მჭიდრო თანამშრომლობას, კოორდინაციას და კონკურენტუნარიანობას.
„ტრასეკას წევრი ქვეყნები წლების განმავლობაში ერთმანეთთან თანამშრომლობენ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, ასევე ოპერაციების კოორდინაციის კუთხით. მთავრობათაშორისი კომისიის შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს ამ კომუნიკაციის, სამუშაოების კოორდინაციისა და თანამშრომლობის მიმართულებით. საქართველოსთვის თავმჯდომარეობა მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ შეძლოს უკეთესად კოორდინაცია და კომუნიკაცია პარტნიორ ქვეყნებთან, რაც ხელს შეუწყობს ისევ ტრასეკას უფრო ეფექტურად ფუნქციონირებას და ზოგადად, ჩვენს დერეფანში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას“ - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
ტრასეკას წლევანდელი ღონისძიება საიუბილეოა და ის TRACECA - ს შექმნიდან 30 - ე წლისთავსა და “ევროპა-კავკასია-აზიის დერეფნის განვითარების საერთაშორისო ტრანსპორტის შესახებ“ მრავალმხრივი შეთანხმების (MLA) ხელმოწერის 25 წლის იუბილეს ეძღვნება.
სხდომის ფარგლებში განიხილება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა მულტიმოდალური და საზღვაო ტრანსპორტის განვითარება, საზღვრის გადაკვეთის პროცედურების ხელშეწყობა და ტრასეკას დერეფნის განვითარებასთან დაკავშირებული სხვა აქტუალური მიმართულებები. სხდომის მონაწილე ქვეყნების დელეგაციები ასევე განიხილავენ 2021 წელს საერთაშორისო საგზაო ტრანსპორტის ტრასეკას სანებართვო სისტემის დანერგვის შედეგებს, ხელშეკრულების მხარეების მიერ მთავრობათაშორისი კომისიის გადაწყვეტილებების განხორციელების სტატუსს, ინფორმაციას საერთაშორისო ხელშეკრულებებში ჩართვის შესახებ და, აგრეთვე, ანგარიშს ტრასეკას მთავრობათაშორისი კომისიის 2018-2021 წლების სამოქმედო გეგმის შესახებ, რომლის მიზანია 2016-2026 წლებში ევროპა-კავკასია-აზიის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის განვითარებისათვის სტრატეგიის განხორციელება.
აღსანიშნავია, რომ 2023 წლის 11 თებერვლიდან ტრასეკას სამთავრობათაშორისო კომისიის თავმჯდომარე ქვეყანა საქართველო 2 წლის ვადით იქნება.