უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ საქართველომ უნდა დაიკავოს ნეიტრალური პოზიცია და შეეცადოს, ომზე კომენტარი არ გააკეთოს.
მისი თქმით, ეს საქართველოსთვის სტრატეგიული თვალსაზრისით ძალიან მომგებიანი იქნებოდა.
"და მეორე, რა თქმა უნდა, არ უნდა აჩვენო ასეთი დონის უცოდინრობა და თქვა, რომ რუსეთი იგებს ამ ომს. სამდღიან ომში რუსეთი, რა თქმა უნდა, „იმარჯვებს“, რა თქმა უნდა. სასურველი იქნებოდა, ბატონი კობახიძე თუ შეისწავლიდა, როგორ წაუვიდა საქმე პუტინს და მის გეგმას, რომ უკრაინას სამ დღეში დააჩოქებდა. ჩვენ ერთი წელია ომში ვართ და რუსეთს არ აქვს რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება. რუსეთი გაჭიანურებულად იბრძვის მოკლე მანძილებზე და ვერ ახერხებს ნახევარ კილომეტრზე ან კილომეტრზე მეტ წინსვლას. კითხვა იმაშია, რამდენად სწრაფად გაიქცევა რუსეთი უკრაინის ტერიტორიიდან. ვფიქრობ, უახლოეს მომავალში შევძლებთ ამაზე კონკრეტული მაგალითებით ვიმსჯელოთ”, - განაცხადა პოდოლიაკმა "ამერიკის ხმასთან".
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ბოლო 1-2 კვირის განმავლობაში უკრაინულ მხარეს არცერთი დასახლება არ აუღია, რუსულმა მხარემ მინიმუმ ბოლო 1 კვირაში 10-მდე დასახლება აიღო, რაც აჩვენებს, რომ უპირატესობა ამ ეტაპზე აქვს რუსულ მხარეს.