საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ისრაელის ახალ საგარეო საქმეთა მინისტრთან ელი ქოენთან გაცნობითი ხასიათის საუბარი გამართა.
საგარეო უწყების ცნობით, მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ისრაელის მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს, ორ ერს შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან მეგობრობას და გამოთქვეს მზაობა, ხელი შეუწყონ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას და განვითარებას.
აღინიშნა მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობა.
მინისტრები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ თანამშრომლობას პოლიტიკური დღის წესრიგის პრიორიტეტულ საკითხებზე. ასევე ყურადღება დაეთმო საქართველო ისრაელს შორის ვაჭრობის და ეკონომიკის სფეროში ურთიერთობების განვითარებისთვის გადასადგმელ აუცილებელ ნაბიჯებს და ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელების მზადყოფნა გამოიხატა.
მაღალი შეფასება მიეცა ხალხთაშორის კავშირებს. ილია დარჩიაშვილმა მიულოცა კოლეგას მინისტრის პოსტზე დანიშვნა, წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში და დაუდასტურა მზაობა მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების თაობაზე.