ბათუმში, ზღვაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით შინაგან საქემთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება დაიწყო.
შსს აცხადებს, რომ ადგილზე იმყოფებიან გამნაღმველები და „ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება“.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა შეტყობინება ქალაქ ბათუმში, ზღვაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით.
შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე გამოცხადნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, მათ შორის მეხანძრე-მაშველები, საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები. ასევე, ადგილზე იმყოფებიან გამნაღმველებიც.
ამ დროისთვის ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც აფეთქებას გულისხმობს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.