„არავის სურს ისეთ მსოფლიოში ცხოვრება, სადაც ავტოკრატებს შეუძლიათ, თავს დაესხან მშვიდობიან მეზობლებს, დაარღვიონ მათი საზღვრები და დაბომბონ ხალხი“, - ამის შესახებ ლოიდ ოსტინმა ბრიუსელში, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე განაცხადა.
ოსტინის განცხადებით, გერმანია, პოლონეთი, კანადა, პორტუგალია, ესპანეთი, ნორვეგია, დანია და ნიდერლანდები ერთობლივად მუშაობენ Leopard 2-ის ტიპის საბრძოლო ტანკების უკრაინისთვის მიწოდებაზე.
„საკონტაქტო ჯგუფმა მკაფიოდ განმარტა, რომ მხარს ვუჭერთ და დავუჭერთ უკრაინის ბრძოლას თავისუფლებისთვის. უკრაინას მივაწვდით იმ დახმარებას, რასაც დავპირდით. ამ ქვეყანას აქვს გადაუდებელი საჭიროებები. უკრაინის პრეზიდენტმა რამშტაინის ბოლო შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანას სჭირდება მეტი სამხედრო აღჭურვილობა. გვაქვს შესაძლებლობა და გვიერთდება ჩვენი კარგი მეგობარი, უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი. ომიდან ერთი წლის თავზე ჩვენ ისეთი ერთიანნი ვართ, როგორც არასდროს. ვიცი, რომ ჩვენი ერთიანობა მხოლოდ გაძლიერდება“, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა.