"ამჟამად საქართველოს მოსახლეობაში შეინიშნება დემოგრაფიული დაბერების პროცესი: 2000 წლიდან 2020 წლამდე პერიოდში, 65 წლის და უფროსი ასაკის ქალების წილი ქალების მთლიან რიცხოვნობაში გაიზარდა დაახლოებით 22%-ით, მაშინ როცა მამაკაცებში იგივე მაჩვენებელი დაახლოებით 14%-ით არის გაზრდილი", -ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ახალ სტატისტიკურ პუბლიკაციაში „ქალი და კაცი საქართველოში 2020“ წერია.
სტატისტიკის ეროვნული ცენტრის მიხედვით, ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში ჩვეულებრივ, ბიჭი უფრო მეტი იბადება, ვიდრე გოგო. იგივე ტენდენცია, წლების მანძილზე, საკმაოდ სტაბილურად არის გამოხატული საქართველოშიც.
ახალშობილი ბიჭების წილი 52%-ს შეადგენს. 30 წლამდე ასაკში, მამაკაცების რიცხვი აღემატება ქალების რაოდენობას. თუმცა 30 წლის და უფროს ასაკში, ქალების რიცხოვნობა სჭარბობს კაცების რიცხოვნობას, ამ უკანასკნელის მაღალი მოკვდაობის გამო.
საერთაშორისო მასშტაბით, კაცებში მოკვდაობის მაღალი მაჩვენებელი გარკვეულწილად ქცევით ხასიათს ატარებს: გენდერული განსხვავება ალკოჰოლის მოხმარებაში, მწეველებში, სარისკო აქტივობებში მონაწილეობაში, ისეთები, როგორიცაა ავტომანქანის მართვა, განსაზღვრავს ქალების სიცოცხლის უფრო მაღალ ხანგრძლივობას კაცებთან შედარებით.
„გასაკვირი არ არის, რომ საქართველოში ქალების სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა დაბადებისას უფრო მაღალია, ვიდრე კაცების. ამასთან, სიცოცხლის მოსალოდნელ ხანგრძლივობაში სქესის მიხედვით განსხვავებები არსებითია, ქალებისთვის შეადგენს 78.4 წელს, ხოლო კაცებისთვის 69.8 წელს“ - აღნიშნულია საქაღთველოს სტატისტიკის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში.