აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ-ს ღრმად აშფოთებს საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტის შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. ნედ პრაისის თქმით, შემოთავაზებული კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან.
"გვაქვს ინფორმაცია საქართველოს პარლამენტში შესულ კანონპროექტზე და ღრმად გვაშფოთებს მისი შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. ჩვენ ეს წუხილები გავუზიარეთ საქართველოს მთავრობას.
შემოთავაზებული კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან. ჩვენ გვჯერა, რომ მსგავსი კანონი პოტენციურ საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.
განცხადებები იმის შესახებ, რომ ეს კანონპროექტი დაფუძნებულია შეერთებულ შტატებში არსებული უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტზე (FARA), აშკარად მცდარია. მეტიც, ეს კანონპროექტი ჩანს, რომ ეფუძნება მსგავს რუსულ და უნგრულ კანონმდებლობას [და არა FARA-ს ან რომელიმე ამერიკულ კანონმდებლობას], - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა.
ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობაში მყოფ „ხალხის ძალაში“ აცხადებენ, რომ პარლამენტში აინიცირებენ კანონპროექტს, რომლის სახელწოდებაა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. ხალხის ძალის განმარტებით, კანონპროექტი „საუკეთესო დასავლურ“ პრაქტიკას და ამერიკულ კანონმდებლობას დაეფუძნება.
„ხალხის ძალა“ პარლამენტში კანონპროექტის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ დაინიცირებას გეგმავს. მისი მიხედვით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი ფინანსდება უცხოური ძალების მიერ. ამასთანავე, უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციის მიერ „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციისთვის თავის არიდება, ასევე, კანონით დადგენილ ვადაში დეკლარაციის წარუდგენლობა 25 000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.
14 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე, ანტიდასავლური განცხადებებით გამორჩეული „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი.
„ერთი თვის წინ ჩვენ დავაანონსეთ, რომ საგაზაფხულო სესიის დასაწყისისთვის დავაინიცირებდით კანონპროექტს, რომელიც უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციების საქმიანობას შეეხებოდა. აღნიშნულ კანონპროექტზე მუშაობა დასრულდა და საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ საქართველოს პარლამენტში ვაინიცირებთ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ .
აღნიშნული კანონპროექტი, ძირითადად, შედგენილია აშშ -ში მოქმედი შესაბამისი კანონმდებლობის მიხედვით. ამ ნორმატიული აქტის პროექტში ასევე გათვალისწინებულია სხვა დემოკრატიული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა.
მიგვაჩნია, რომ საჯაროობის, გამჭვირვალობის პრინციპებიდან გამომდინარე, საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა იყოს არა მხოლოდ იმ პოლიტიკოსების შემოსავლის წყაროები, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ სახელმწიფოში, არამედ გამჭვირვალე უნდა იყოს ისეთი სუბიექტების (ენჯეოებისა და მედიის) შემოსავლის წყაროებიც, რომელთა მიზანია, ზეგავლენა მოახდინონ საჯარო გადაწყვეტილებებზე და რომლებიც მონაწილეობენ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში ან აქტიურ მონაწილეობას იღებენ საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ კანონების თუ გადაწყვეტილებების მიღების დროს გამართულ დისკუსიებში.
სწორედ ამიტომ, „ხალხის ძალის“ მიერ შემოთავაზებული კანონით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი ფინანსდება უცხოური ძალების მიერ.
ზემოაღნიშნული სუბიექტების უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციის საკითხს უზრუნველყოფს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. იმ სუბიექტებისთვის კი, რომლებიც თავს აარიდებენ რეგისტრაციას, გათვალისწინებულია შესაბამისი ადმინისტრაციული ჯარიმები. ამასთანავე, ჯარიმის გადახდა სუბიექტს არ ათავისუფლებს უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულებისაგან. აღნიშნული კანონის მიღება მნიშვნელოვნად გაზრდის საზოგადოების ინფორმირების ხარისხს, რაც დაეხმარება ხალხს სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ასევე გურამ მაჭარაშვილის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში დააინიცირებენ კანონპროექტს, რომელიც მედიასივრცეში სიცრუისა და უხამსობის წინააღმდეგ პრევენციული ზომების მიღებას უზრუნველყოფს.
„შეგახსენებთ, ჩვენ, პრაქტიკულად, დავასრულეთ მუშაობა კანონპროექტზე, რომელიც მაქსიმალურად უზრუნველყოფს მედიასივრცეში სიცრუისა და უხამსობის წინააღმდეგ პრევენციული ზომების მიღებას. აღნიშნულ კანონპროექტსაც უახლოეს დღეებში დავაინიცირებთ“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
15 თებერვალს კომენტარი გააკეთა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ.
„მე, როგორც იურისტი, გეტყვით, რომ გადავხედე ამ კანონპროექტს. იქ არსებითად საუბარია გამჭვირვალობაზე: თუ გარკვეული ორგანიზაციები იღებენ დაფინანსებას უცხოური წყაროებიდან, ამ შემთხვევაში, ეს დაფინანსება უნდა იყოს გამჭვირვალე. მე ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ გამჭვირვალობაში, პირიქით. ხალხისთვის გამჭვირვალე თუ გახდება ფინანსები, ეს სასჯელია? პარტიები დასჯილები არიან, როდესაც დეკლარირებას ახდენენ საკუთარი სახსრების? ჩვენ ყოველწლიურად წარვადგენთ დეკლარაციას აუდიტის სამსახურში და თითოეული თეთრი, რაც იხარჯება პარტიის მიერ, არის ცნობილი საზოგადოებისთვის, ეს სასჯელი ხომ არ არის.
რატომ ხდება ეს? იმიტომ, რომ პარტიებს აქვთ სერიოზული გავლენა პოლიტიკაში, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ დგას მათ შორის ფინანსური კუთხით, ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის უკან”, – განაცხადა კობახიძემ. გადაცემის წამყვანის კითხვაზე, რომ მედია, რომელსაც ზემოხსენებული კანონპროექტი ასევე ეხება, ისედაც გამჭვირვალეა (კომუნიკაციების კომისიის გავლით), კობახიძემ უპასუხა, რომ ეს არა მხოლოდ ტელევიზიებს, არამედ ონლაინ და ბეჭდურ გამოცემებსაც შეეხება. “ჰკითხეთ ნებისმიერ მოქალაქეს და ვერავინ გეტყვით, ვინ აფინანსებს ამა თუ იმ მედიასაშუალებას რეალურად. აქ მარტო ტელემაუწყებლებზე არაა საუბარი, აქ ლაპარაკია ვებგამოცემებზე და ბეჭდურ მედიაზე, ყველაფერზე. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, რა დაფინანსებით მოქმედებენ ესა თუ ის ორგანიზაციები, ამაში მე პრობლემას ვერ ვხედავ”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი2-ის“ ეთერში.
ინფორმაციისთვის, აშშ-ში ამ ტიპის კანონი (FARA) პირველად 1938 წელს მიიღეს, მოგვიანებით კი, მასში ცვლილებები შევიდა.
თავდაპირველად კანონი ამერიკაში მეორე მსოფლიო ომის წინა პერიოდში ნაცისტური პროპაგანდისთვის ხელის შესაშლელად შემოიღეს. მოგვიანებით, კანონში ცვლილება შევიდა და ახლა ის ძირითადად, უცხოურ ლობისტურ ორგანიზაციებსა და ლობისტებზე ვრცელდება.