PACE ყველა პოლიტიკურ ფრაქციას მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს ყველა პოლიტიკურ ფრაქციას მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს. შესაბამისი ტექსტი ორგანიზაციის Twitter-ის გვერდზე განთავსდა. აშშ-ის მსგავსად PACE-ც შესაძლო დამაზიანებელ შედეგებზე მიუთითებს. 


„ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ყველა პოლიტიკურ ფრაქციას, არ დაუჭირონ მხარი ამ კანონპროექტს, რომელიც მიღების შემთხვევაში დამაზიანებელი ეფექტი ექნება“, - აღნიშნულია ტექსტში.

ანტიდასავლური განცხადებებით გამორჩეული „ხალხის ძალა“ პარლამენტში კანონპროექტის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ დაინიცირებას გეგმავს. მისი მიხედვით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი ფინანსდება უცხოური ძალების მიერ. ამასთანავე, უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციის მიერ „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციისთვის თავის არიდება, ასევე, კანონით დადგენილ ვადაში დეკლარაციის წარუდგენლობა 25 000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.

ხსენებულ ინიციტივას ვაშინგტონის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ-ს ღრმად აშფოთებს საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტის შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. ნედ პრაისის თქმით, შემოთავაზებული კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან.

15 თებერვალს კომენტარი გააკეთა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ.

„მე, როგორც იურისტი, გეტყვით, რომ გადავხედე ამ კანონპროექტს. იქ არსებითად საუბარია გამჭვირვალობაზე: თუ გარკვეული ორგანიზაციები იღებენ დაფინანსებას უცხოური წყაროებიდან, ამ შემთხვევაში, ეს დაფინანსება უნდა იყოს გამჭვირვალე. მე ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ გამჭვირვალობაში, პირიქით. ხალხისთვის გამჭვირვალე თუ გახდება ფინანსები, ეს სასჯელია? პარტიები დასჯილები არიან, როდესაც დეკლარირებას ახდენენ საკუთარი სახსრების? ჩვენ ყოველწლიურად წარვადგენთ დეკლარაციას აუდიტის სამსახურში და თითოეული თეთრი, რაც იხარჯება პარტიის მიერ, არის ცნობილი საზოგადოებისთვის, ეს სასჯელი ხომ არ არის.

რატომ ხდება ეს? იმიტომ, რომ პარტიებს აქვთ სერიოზული გავლენა პოლიტიკაში, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ დგას მათ შორის ფინანსური კუთხით, ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის უკან”, – განაცხადა კობახიძემ. გადაცემის წამყვანის კითხვაზე, რომ მედია, რომელსაც ზემოხსენებული კანონპროექტი ასევე ეხება, ისედაც გამჭვირვალეა (კომუნიკაციების კომისიის გავლით), კობახიძემ უპასუხა, რომ ეს არა მხოლოდ ტელევიზიებს, არამედ ონლაინ და ბეჭდურ გამოცემებსაც შეეხება. “ჰკითხეთ ნებისმიერ მოქალაქეს და ვერავინ გეტყვით, ვინ აფინანსებს ამა თუ იმ მედიასაშუალებას რეალურად. აქ მარტო ტელემაუწყებლებზე არაა საუბარი, აქ ლაპარაკია ვებგამოცემებზე და ბეჭდურ მედიაზე, ყველაფერზე. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, რა დაფინანსებით მოქმედებენ ესა თუ ის ორგანიზაციები, ამაში მე პრობლემას ვერ ვხედავ”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი2-ის“ ეთერში.

ინფორმაციისთვის, აშშ-ში ამ ტიპის კანონი (FARA) პირველად 1938 წელს მიიღეს, მოგვიანებით კი, მასში ცვლილებები შევიდა.

თავდაპირველად კანონი ამერიკაში მეორე მსოფლიო ომის წინა პერიოდში ნაცისტური პროპაგანდისთვის ხელის შესაშლელად შემოიღეს. მოგვიანებით, კანონში ცვლილება შევიდა და ახლა ის ძირითადად, უცხოურ ლობისტურ ორგანიზაციებსა და ლობისტებზე ვრცელდება.