დღეს რუსეთს უკრაინაში ბერლინის კედლის აშენება სურს. სურს, ააშენოს კედელი ჩვენსა და ევროპას შორის იმისთვის, რომ უკრაინა საკუთარი არჩევანისა და საკუთარი მომავლისგან გამოყოს, - ამ სიტყვებით მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბერლინის 73-ე საერთაშორისო კინოფესტივალის მონაწილეებსა და სტუმრებს.
ზელენსკის შეფასებით, ეს არის კედელი თავისუფლებასა და მონობას შორის, სიცოცხლის უფლებასა და სარაკეტო თავდასხმებს შორის, პროგრესსა და ნანგრევებს შორის, კედელი ცივილიზაციასა და ტირანიას შორის.
„ჩნდება ლოგიკური კითხვა - რომელ მხარეს უნდა იდგეს კულტურა და ხელოვნება? შეიძლება თუ არა ხელოვნება პოლიტიკის მიღმა იყოს? კინო პოლიტიკის მიღმა იყოს? კულტურა და კინო შეიძლება იყოს პოლიტიკის მიღმა. მაგრამ არა მაშინ, როცა ეს არის აგრესიის პოლიტიკა; როცა ეს არის მასობრივი დანაშაულების, მკვლელობების, ტერორის პოლიტიკა, სხვა ქვეყნების და სხვა ხალხების განადგურების სურვილი, როცა ტოტალური ომის პოლიტიკაა, ანუ დღევანდელი რუსეთის პოლიტიკაა“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებით, ასეთ პირობებში და ასეთ დროს ხელოვნება არ შეიძლება, ნეიტრალური და პოლიტიკის „გარეთ“ იყოს.
„კულტურა ასეთ დროს აკეთებს არჩევანს, კულტურა ირჩევს მხარეს, ან ხმამაღლა ლაპარაკობს და სხვადასხვა გზით ებრძვის ბოროტებას, ან უყურებს და დუმს - და, ფაქტობრივად, ეხმარება ბოროტებას. რა თქმა უნდა, გლობალური გაგებით, კინო ვერ შეცვლის სამყაროს, მაგრამ მას შეუძლია, გავლენა მოახდინოს და შთააგონოს ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ, შეცვალონ სამყარო“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.