აშშ-ის ადმინისტრაცია აგრძელებს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის მიღწევის მცდელობას და მიესალმება ნებისმიერ ძალისხმევას გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ვედანტ პატელმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მშვიდობა სამხრეთ კავკასიაში არის ის, რაზეც ეს ადმინისტრაცია აგრძელებს მუშაობას. ეს არის ის, რაზეც თავად [აშშ] სახელმწიფო მდივანიც საკმაოდ კონცენტრირებულია. ასე რომ, ჩვენ მივესალმებით ნებისმიერ ძალისხმევას, რომელიც დაგვეხმარება გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევაში“, - განაცხადა პატელმა.
ჟურნალისტის შეკითხვა ეხებოდა კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში ახალი მრჩევლის ლუის ბონოს მომავალ ჩართულობას და მის მომავალ ვიზიტებს, თუმცა დეპარტამენტში ამ თემაზე მეტი კონკრეტიკისგან თავი შეიკავეს.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში უფროს მრჩევლად, ფილიპ რიკერის შემცვლელად ლუის ბონო დანიშნა.
ბლინკენის თქმით, ბონო იმუშავებს რეგიონის ლიდერებთან სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესის წინსვლისა და რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ოკუპაციის საკითხზე.