რა საკითხები განიხილეს ირაკლი ღარიბაშვილმა და ჯოზეფ ბორელმა

„რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, საქართველოს მიერ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესში გადადგმული წარმატებული ნაბიჯები, ევროკომისიის მიერ საქართველოს შესახებ გამოქვეყნებული ანალიტიკური ანგარიში“, - საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ეს იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის შეხვედრის ძირითადი განსახილველი საკითხები, რომელიც მიუნხენში, უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.

„შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული 12 პრიორიტეტის შესრულების პროცესი, რომელთა დიდი ნაწილი სრულადაა შესრულებული, საკანონმდებლო აქტების ნაწილი კი, დასკვნისათვის გაგზავნილია ვენეციის კომისიაში.

როგორც პრემიერმა აღნიშნა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ქვეყნისთვის შემდეგი ეტაპია კანდიდატის სტატუსის მიღება. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ევროკომისიის ანგარიში დადებითად აფასებს საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევას იმ მიმართულებებით, რომლებიც უზრუნველყოფს ქვეყნის საკანონმდებლო და ინსტიტუციურ თავსებადობას ევროკავშირთან, რითაც კიდევ ერთხელ გამოიკვეთა, რომ საქართველო ერთმნიშვნელოვნად არის ლიდერი სექტორული რეფორმების თვალსაზრისითაც.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებს. მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკისადმი საქართველოს მთავრობის ერთგულება“, - აღნიშნულია საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.