სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა, რომ თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება და ჩვენი საზღვრების გახსნა ძალიან პოზიტიური იქნება არამხოლოდ ჩვენი რეგიონული სიტუაციისთვის და უსაფრთხოებისთვის, არამედ საერთაშორისო დონეზეც.
მისივე თქმით, ვიდრე თურქეთში მიწისძვრა მოხდებოდა, მათ სპეციალური წარმომადგენლის მეშვეობით პოლიტიკური დიალოგი ჰქონდათ.
„გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ თურქეთში ჰუმანიტარული დახმარება გაგვეგზავნა და მაშველებიც მიგვეყოლებინა, მხოლოდ და მხოლოდ ჰუმანიტარულ მოტივზე იყო დაფუძნებული, რადგან მილიონობით ადამიანი ჩვენს ახლო ქვეყანაში მოექცა ამ ტრაგედიის ქვეშ. ამ ჰუმანიტარულ მისიაზე ძალიან პოზიტიური რეაქცია იყო თურქეთის ხელისუფლების მხრიდან, ამან პოლიტიკური შედეგებიც მოიტანა, ურთიერთობები გაუმჯობესდა, თუმცა, ჩვენი თავდაპირველი მოტივაცია წმინდა ჰუმანიტარული იყო. ჩვენ მზად ვართ, რაც შეიძლება მეტი ჰუმანიტარული დახმარება აღმოვუჩინოთ ქვეყანას, რაც შეგვიძლია იმის ფარგლებში.
რაც შეეხება პოლიტიკურ დიალოგს, ვიდრე მიწისძვრა მოხდებოდა, ჩვენ გვქონდა პოლიტიკური დიალოგი სპეციალური წარმომადგენლის საშუალებით და მიმაჩნია, რომ რეალურად, ეს დიალოგი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. იცით რას ვგულისხმობ? ატმოსფეროს შექმნისთვის ამ გადაწყვეტილების მისაღებად და მიმაჩნია, რომ ამ ჰუმანიტარული „საუბრით“ შეიძლება გაჩნდეს შესაძლებლობა კონკრეტული პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებისთვის. დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება თურქეთთან და ჩვენი საზღვრების გახსნა იქნება ძალიან პოზიტიური არამხოლოდ ჩვენი რეგიონული სიტუაციისთვის და უსაფრთხოებისთვის, არამედ საერთაშორისო დონეზეც“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.