საქართველოს წინ მნიშვნელოვანი არჩევნები და დემოკრატიული დღის წესრიგის წინსვლის შესაძლებლობა აქვს. შესაბამისი განაცხადება სენატორმა შაჰინმა საქართველოში ვიზიტამდე გააკეთა.
ამერიკელმა სენატორმა (დემოკრატი-ნიუ ჰემფშირი), სენატის საგარეო ურთიერთობათა ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის საკითხებში, სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის უფროსმა წევრმა ჯინ შაჰინმა, და ამერიკელმა სენატორმა, სენატის უმრავლესობის უფროსმა წევრმა და სენატის უკრაინის ჯგუფის თავმჯდომარემ დიკ დურბინმა გაავრცელეს განცხადებები, რომლებშიც აღნიშნულია, რომ ისინი ოფიციალური ვიზიტით საქართველოსა და რუმინეთს ეწვევიან.
ვიზიტის ფარგლებში შაჰინი და დურბინი სახელმწიფოების მეთაურებს, საკანონმდებლო ორგანოების წევრებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდებიან, რათა განიხილონ ქვეყნების ორმხრივი ურთიერთობები, ასევე შავი ზღვის რეგიონის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა.
„შავი ზღვა ევროპის უსაფრთხოების მთავარი გეოპოლიტიკური რეგიონია, განსაკუთრებით რუსეთის სასტიკი ომის ფონზე უკრაინაში. ვლადიმერ პუტინი უკვე მოქმედებს რეგიონში თავისი მავნე გავლენის გასავრცელებლად და ჩვენ ვიცით, რომ მისი ჰეგემონური მისწრაფებები სცილდება უკრაინის აღებას.
მნიშვნელოვანია, რომ აშშ აქტიურად თანამშრომლობდეს შავი ზღვის პარტნიორებთან და ჩამოაყალიბოს უფრო მტკიცე პოლიტიკა რეგიონის მიმართ. ეს არის ზუსტად ის, რის განხილვასაც ვაპირებ მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში“, – განაცხადა შაჰინმა.
მისივე თქმით, საქართველოს წინ მნიშვნელოვანი არჩევნები და დემოკრატიული დღის წესრიგის წინსვლის შესაძლებლობა აქვს.
„სწორედ ამ საკითხების პრიორიტეტულად მიჩნევისკენ მოვუწოდებ ჩვენს პარტნიორებს, მუშაობენ რა ისინი ქართველი ხალხისთვის უკეთესი მომავლის შექმნისა და რეგიონში მეტი სტაბილურობის მისაღწევად. ასევე, მოუთმენლად ველი რუმინეთში ჩვენს მოკავშირეებთან შეხვედრას. რუმინეთი NATO-ს მნიშვნელოვანი წევრია, რომელმაც საგულისხმო როლი ითამაშა უკრაინის ომის ფრონტზე, ხელი შეუწყო რა დასავლური აღჭურვილობის შემოდინებას პუტინის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდასაჭერად და ლტოლვილების დასახმარებლად , რომლებიც ძალადობას გაექცნენ. ბევრი რამ არის განსახილველი და ვაფასებ ჩვენს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან პირადად ურთიერთობის შესაძლებლობას“, - განაცხადა სენატორმა შაჰინმა.
ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი (დემოკრატი-ნიუ ჰემფშირი), სენატის საგარეო ურთიერთობათა ქვეკომიტეტის თავმჯდომარე ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის საკითხებში, სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის უფროსო წევრი და ამერიკელი სენატორი დიკ დურბინი სენატის უმრავლესობის უფროსი წევრი და სენატის უკრაინის ჯგუფის თავმჯდომარე 2023 წლის მიუნხენის უსაფრთხოების ფორუმში მონაწილეობის შემდეგ ოფიციალური ვიზიტით საქართველოსა და რუმინეთს ეწვევიან.