პრეზიდენტი ამერიკელ სენატორებთან შეხვედრაზე: კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე სტრატეგიული გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული

საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით სტრატეგიული გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული და საქართველოს მეორე უარი არ უნდა ეთქვას,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ამერიკელ სენატორებთან, ჯინ შაჰინთან და დიკ დურბინთან შეხვედრისას განაცხადა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქვეყნის პრეზიდენტმა ამერიკელ სენატორებთან შეხვედრაზე საქართველოს ევროინტეგრაციის პარალელურად, ომი უკრაინაში და შავი ზღვის რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემო განიხილა.

როგორც ამერიკელმა სენატორებმა ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე განაცხადეს, ისინი აფასებენ საქართველოს პრეზიდენტის როლსა და პოზიციას ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით, რაზეც პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის ქვეყნის ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით ქართველი ხალხის ნებასა და სათქმელს გამოხატავს. პრეზიდენტის თქმით, ქართველი ხალხი იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, რადგან ის 30 წლის განმავლობაში, სწორედ ევროპულ ღირებულებებს ემსახურება.

„აღინიშნა, რომ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის საკითხი მხოლოდ რუსეთს აწყობს, რომელმაც არამხოლოდ 2008 წლის აგვისტოში განახორციელა საქართველოზე აგრესია, არამედ უკვე მეორე საუკუნეა ახორციელებს მას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.


ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.

ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. 

ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.

23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.