„ქართული ოცნება“ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს მხარს დაუჭერს

  • საპარლამენტო უმრავლესობა, „ქართული ოცნების“ სახელით შემიძლია, ვთქვა, რომ პრინციპების დონეზე შევთანხმდით და მხარს დავუჭერთ კანონპროექტს.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ „ხალხის ძალის“ კანონპროექტი არ არის არც რუსულის და არც ამერიკულის ანალოგი.

„პრინციპებზე თუ ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ათასგვარი სპეკულაცია მოჰყვა სხვადასხვა ქვეყნებთან მიმართებაში, თუ ვინმე, ვინც არ უნდა იყოს, ამბობს, რომ ეს არის ანალოგი რუსული კანონმდებლობის, ის უბრალოდ იტყუება. ეს არ არის არც ამერიკული კანონმდებლობის ანალოგი იქიდან გამომდინარე, რომ ერთ და მეორე შემთხვევაშიც არის უამრავი შეზღუდვა. თუ ვინმე დააპირებს, რომ ამ შეზღუდვების ანალოგი მოიტანოს იმ პროექტში, რომელიც „ხალხის ძალამ“ წარმოადგინა, ამას ვერ შეძლებს, რადგან არც ერთი შეზღუდვა არ ჩაუწერია „ხალხის ძალას“ კანონპროექტში. რუსეთში სხვაგვარი შეზღუდვებია, აშშ-ში სხვა.

ორივე შემთხვევაში საერთო შეიძლება, იყოს ის, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის არის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა და ა.შ. კანონპროექტი ითვალისწინებს მხოლოდ და მხოლოდ დარეგისტრირების ვალდებულებას ათი დღის განმავლობაში, თუ რომელიმე ორგანიზაციის  და არა კერძო პირის, უცხოური დაფინანსება გასცდება 20 პროცენტს, 10 დღეს აქვს ასეთ ორგანიზაციას, რომ რეესტრში დარეგისტრირდეს.

შემდეგ ერთი წლის განმავლობაში უნდა წარადგინოს დეკლარაცია. სხვა რამეს ეს არ ითვალისწინებს. შეუძლებელია, მოიტანო არგუმენტი, რატომ შეიძლება, ამ პრინციპზე უარი უთხრა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ანტიდასავლური განცხადებებით გამორჩეული „ხალხის ძალა“ პარლამენტში კანონპროექტის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ აინიცირებს. 

მისი მიხედვით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი ფინანსდება უცხოური ძალების მიერ. ამასთანავე, უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციის მიერ „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციისთვის თავის არიდება, ასევე, კანონით დადგენილ ვადაში დეკლარაციის წარუდგენლობა 25 000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.

15 თებერვალს კომენტარი გააკეთა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ.

„მე, როგორც იურისტი, გეტყვით, რომ გადავხედე ამ კანონპროექტს. იქ არსებითად საუბარია გამჭვირვალობაზე: თუ გარკვეული ორგანიზაციები იღებენ დაფინანსებას უცხოური წყაროებიდან, ამ შემთხვევაში, ეს დაფინანსება უნდა იყოს გამჭვირვალე. მე ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ გამჭვირვალობაში, პირიქით. ხალხისთვის გამჭვირვალე თუ გახდება ფინანსები, ეს სასჯელია? პარტიები დასჯილები არიან, როდესაც დეკლარირებას ახდენენ საკუთარი სახსრების? ჩვენ ყოველწლიურად წარვადგენთ დეკლარაციას აუდიტის სამსახურში და თითოეული თეთრი, რაც იხარჯება პარტიის მიერ, არის ცნობილი საზოგადოებისთვის, ეს სასჯელი ხომ არ არის.

რატომ ხდება ეს? იმიტომ, რომ პარტიებს აქვთ სერიოზული გავლენა პოლიტიკაში, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ დგას მათ შორის ფინანსური კუთხით, ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის უკან”, – განაცხადა კობახიძემ. გადაცემის წამყვანის კითხვაზე, რომ მედია, რომელსაც ზემოხსენებული კანონპროექტი ასევე ეხება, ისედაც გამჭვირვალეა (კომუნიკაციების კომისიის გავლით), კობახიძემ უპასუხა, რომ ეს არა მხოლოდ ტელევიზიებს, არამედ ონლაინ და ბეჭდურ გამოცემებსაც შეეხება. “ჰკითხეთ ნებისმიერ მოქალაქეს და ვერავინ გეტყვით, ვინ აფინანსებს ამა თუ იმ მედიასაშუალებას რეალურად. აქ მარტო ტელემაუწყებლებზე არაა საუბარი, აქ ლაპარაკია ვებგამოცემებზე და ბეჭდურ მედიაზე, ყველაფერზე. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, რა დაფინანსებით მოქმედებენ ესა თუ ის ორგანიზაციები, ამაში მე პრობლემას ვერ ვხედავ”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში.

ხსენებულ ინიციტივას ვაშინგტონის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. 16 თებერვალს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ-ს ღრმად აშფოთებს საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტის შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. ნედ პრაისის თქმით, შემოთავაზებული კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან.

„რუსული კანონის მსგავსია“, - განაცხადა თავის მხრივ, ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა თბილისში ვიზიტისას, 20 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე,„ხალხის ძალის“ კანონპროექტთან დაკავშირებული შეკითხვის საპასუხოდ.