მამუკა მდინარაძე: უკრაინიდან ვიღებთ სიცრუის ტირაჟირებას, რელევანტურად არ მიგვაჩნდა ვიზიტში მონაწილეობა

  • როდესაც იღებ საქართველოს ომში ჩართვის მოწოდებებს და იღებ ტყუილ და სიცრუის კამპანიაში მონაწილეობას, ბუნებრივია, ასეთ ოფიციალურ ვიზიტებზე თავი უნდა შეიკავო

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ისაუბრა მიზეზებზე, თუ რატომ არ მიემგზავრება დელეგაცია უკრაინაში.

მდინარაძემ განაცხადა, რომ უკრაინის მხრიდან, საქართველოს დელეგაციის უკრაინაში ჩასვლასთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე ოფიციალური მიწვევა არ ყოფილა, მაგრამ კომუნიკაცია მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან, არჩილ თალაკვაძესთან იყო.

„ჩვენი მხრიდან ასეთი პასუხი იყო - მაშინ, როდესაც საქართველო ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც მხარი დაუჭირა უკრაინას და მათ შორის, არავისთან შედარება არ მინდა, მაგრამ მოლდოვას ახსენებენ ხოლმე ხშირად, გაცილებით მეტი გავაკეთეთ ჩვენ.

თუმცა, მოლდოვას ვერანაირად ვერ დავძრახავთ თავის დამოკიდებულებაში, ის მხარს უჭერს უკრაინას, უკრაინის მეგობარი ქვეყანაა და თავისი უსაფრთხოების რისკებიდან გამომდინარე მაქსიმუმზე მიდის მხარდაჭერის საკითხებში.

ჩვენ მაქსიმუმსაც გავცდით, ჰააგის სასამართლოშიც კი დავუჭირეთ მხარი, რომ რუსეთის საქმე განხილული იქნას უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამო. ანუ საქართველომ ბევრად მეტი რისკი გაწია, ვიდრე მას ეს, როგორც ყველაზე მოწყვლად ქვეყანას, ყველაზე დიდი რისკის შემცველს შეეძლო, როდესაც ოკუპანტთან დაკავშირებით არის საუბარი. აღარ ვსაუბრობ, პირველები რომ ვიყავით ჰუმანიტარულ დახმარებაში და ა.შ.

ამ პირობებში ჩვენ მათგან პასუხად ვიღებთ იმას, რომ თურმე მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ოროთახიან „ლუქსშია“ განთავსებული, იქ ხდის სასჯელს, ნაწამებია და კლავენ. ამ ორ სიტყვას მნიშვნელობა დაუკარგეს. რა ხდებოდა მიხელი სააკაშვილის შექმნილ სისტემაში, ამაზე ვეღარავინ ლაპარაკობს. ამას კი წამება, სიკვდილი და მოკვლა ჰქვია და მაშინ, ის რომ მართლა კლავდა და აწამებდა, იმას რა ჰქვია?

მაშინ მას სხვა სახელი უნდა დაარქვან. ასევე, ჩართულები არიან იმ კამპანიაში, რაც ძალიან სამწუხაროდ, ჩვენ უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების პირველი პირების მხრიდან გვესმოდა - საქართველოს ომში ჩართვის პირდაპირი მოწოდებები. ეს იყო რეალობა და როდესაც იღებ საქართველოს ომში ჩართვის მოწოდებებს და იღებ ტყუილ და სიცრუის კამპანიაში მონაწილეობას მეორე მხრიდან ამის პასუხად, ბუნებრივია, ასეთ ოფიციალურ ვიზიტებზე თავი უნდა შეიკავო. არსებობს რაღაც ზღვარი, რასაც არავინ უნდა გადავიდეს, რა მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს.

სამწუხაროდ, ისინი, და უკრაინის ხელისუფლებაში ასეთი ბევრი ადამიანი აღმოჩნდა, ამ ურთულეს პერიოდში იცლიან, რომ საქართველოს ომში ჩართვისკენ მოუწოდონ, რომ მიხეილ სააკაშვილს აწამებენ და კლავენო და მოატყუონ დანარჩენ მსოფლიოს.

ეს სამწუხარო რეალობა გვაქვს, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას, ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ მხარს არ ვუჭერთ ან რაიმეზე თავს შევიკავებთ. რაც ჩვენი შესაძლებლობის მაქსიმუმის ფარგლებშია იმავეს გავაგრძელებთ, მაგრამ აი, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ასეთ მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის ჩასვლა მთლად რელევანტური ვერ იქნებოდა.

მე, როგორც ვიცი, კომუნიკაცია იყო. ეს არ იყო ოფიციალური დელეგაციის მიწვევა, მაგრამ ნამდვილად იყო მიწვევა და სწორედ ამ არგუმენტებით, რომ ჩვენი ასეთი მხარდაჭერის მიუხედავად, რომელსაც აუცილებლად გავაგრძელებთ უკრაინელი ხალხის მიმართ, მათგან ვიღებთ სიცრუის კამპანიაში ჩართვას, სიცრუის ტირაჟირებას, რომ სააკაშვილს კლავენ და აწამებენ, ომში ჩართვის პირდაპირ მოწოდებას, რელევანტურად არ მიგვაჩნდა ახლა, ამ ვიზიტში მონაწილეობა შეიძლება სწორი ყოფილიყო “, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, უკრაინის რადამ, რუსეთ-უკრაინის ომის ერთი წლის თავზე, „ქართული ოცნებას“ საპარლამენტო დელეგაციისთვის ოფიციალური მოწვევა გამოგზავნა, თუმცა მათ ჩასვლაზე უარი განაცხადეს.