ირანელი დიპლომატი რუს კოლეგასთან შეხვედრისას აცხადებს, რომ მზადაა, ე.წ. 3+3 ფორმატში შეხვედრას უმასპინძლოს

ირანი მზად არის, თეირანში რუსეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის, სომხეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებთან 3+3 შეხვედრისთვის გამართოს, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოსეინ ამირ აბდულაჰიანმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე გრუშკოსთან შეხვედრაზე.

ორშაბათს თეირანში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე გრუშკოსთან შეხვედრაზე ამირაბდოლაჰიანმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებისკენ მოუწოდა.

მან ასევე ხაზი გაუსვა რეგიონული თანამშრომლობის აუცილებლობას რეგიონში არსებული გამოწვევების დასაძლევად. ამის შემდეგ ამირაბდოლაჰიანმა გამოთქვა თეირანის მზადყოფნა, უმასპინძლოს „3+3“ ფორმატის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას.

შეგახსენებთ, რომ საქართველო უარს ამბობს ამ ფორმატში მონაწილეობაზე. აშშ კი რუსეთს მოუწოდებს, ვიდრე რაიმე ფორმატზე იფიქრებს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან თავისი ჯარი გაიყვანოს. რაც შეეხება ირანს, ის აშშ-ის სანქციების ქვეშაა და ეს სანქციები კიდევ უფრო ძლიერდება იმ როლისთვის, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებულ ომში თეირანს შეაქვს - კერძოდ, დრონების მიწოდების სახით.

შეგახსენებთ, რომ კიევისა და დასავლეთის პრეტენზიების მიუხედავად, ირანმა არაერთხელ უარყო, რომ რუსეთის ფედერაციას იარაღით ეხმარება, თუმცა მოგვიანებით აღიარა, რომ რუსეთს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე დრონები გადასცა.

მას შემდეგ აშშ და დასავლეთის სხვა ქვეყნები ირანულ კომპანიებსა და იმ ადამიანებს, რომლებიც მონაწილეობენ თვითმფრინავების წარმოებასა და რუსეთისთვის მიწოდებაში, სანქციებს უწესებენ.