„მინდა, სიამაყით აღვნიშნო, რომ საქართველოს მთავრობასთან კოორდინაციის შედეგად, 3 ახალი შვეულმფრენის შესყიდვის მიზნით, ფრანგულ კომპანია "Airbus Helicopters"-თან ხელშეკრულება უკვე გაფორმდა. შვეულმფრენები, რომლებსაც სამინისტრო შეიძენს, არის მრავალფუნქციური და შეუძლია, შეასრულოს საპოლიციო, სატრანსპორტო, სამძებრო და სამაშველო ოპერაციები, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„სასაზღვრო პოლიციის გაძლიერება, არამარტო საავიაციო მიმართულებით, არამედ სანაპირო დაცვის მიმართულებითაც მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვას თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, „დეფენდერის“ ტიპის 4 სწრაფმავალი მცირე საპატრულო კატარღა შეემატა. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ 2023 წელს დაგეგმილია სასაზღვრო სექტორების ინფრასტრუქტურის განვითარება“, - აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
მისივე თქმით, 2023 წელს გაგრძელდება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ტექნიკური განახლებისა და გადაიარაღების პროცესი.
„2022 წელს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აღიჭურვა ახალი, სხვადასხვა ტიპის ავტომობილებით, მათ შორის, მაღალი გამავლობის ავტოტექნიკით, ყველგანმავალი კვადროციკლებით, წყლის სატრანსპორტო საშუალებებით. სრულად განახლდა სამთო-სამაშველო, მყვინთავი მაშველების, ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირების აღჭურვილობა.
სამინისტრომ მეხანძრე-მაშველებისთვის შეიძინა სპეციალური ფორმები, ასევე, ცეცხლგამძლე ტანსაცმელი და მათი საქმიანობისთვის განკუთვნილი სხვადასხვა სახის აღჭურვილობა. მნიშვნელოვანია, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის გაძლიერების მიზნით, მიმდინარე წელს, შინაგან საქმეთა სამინისტრო პირველ ეტაპზე 10 ერთეულ მაღალი გამავლობის სახანძრო ავტომანქანას შეისყიდის.
ვახტანგ გომელაურის თქმით, თბილისში აშენდება „პოლიციის ქალაქი“ და 1000-მდე პოლიციელი მიიღებს ბინას - ეს იქნება ჩვენი პოლიციელებისთვის მნიშვნელოვანი წახალისება.
„2022 წლის პირველი იანვრიდან განხორციელდა ჩვენი პოლიციელების, პატრულ-ინსპექტორების, მესაზღვრეების, მეხანძრე-მაშველების და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომლის ხელფასების 10%-ით ზრდა. 2023 წლიდან კი, შტატიანი თანამშრომლების ხელფასი გაიზარდა 20%-ით, ხოლო დანარჩენი თანამშრომლების - 10%-ით, როგორც ყველა სხვა საჯარო უწყების თანამშრომლების.
2022-2023 წლებში, სამინისტროს თანამშრომლების ხელფასები მთლიანობაში 30%-ით გაიზარდა. ასევე, მინდა ვისაუბრო პრემიერ-მინისტრის ინიციატივაზე, რომლის თანახმად, მუშაობა დაიწყო „პოლიციის ქალაქის“ მშენებლობაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. როგორც იცით, ეს „ქალაქი“ აშენდება თბილისში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე და პირველ ეტაპზე, 1000-მდე პოლიციელი მიიღებს ბინას. რა თქმა უნდა, ეს იქნება ჩვენი პოლიციელებისთვის მნიშვნელოვანი წახალისება.
სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანესია პოლიციელებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნა იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს მათი საყოფაცხოვრებო პირობები, ასევე, მათ მეტი მოტივაცია და წახალისება ჰქონდეთ“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.