„ქართული ოცნება“ „ხალხის ძალის“ ალტერნატიულ კანონპროექტს - „ამერიკულ ანალოგს“ მხარს არ დაუჭერს

ძალიან მაღალი ალბათობით შემიძლია გითხრათ, რომ ამერიკულ ვარიანტს, ასე პირდაპირ გადმოთარგმნილს და გადმოკოპირებულს, ჩვენი მხარდაჭერა არ და ვერ ექნება, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ „ხალხის ძალის“ წევრის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

„ჩვენ გვექნება კონსულტაციები ჩვენი ფრაქციის წევრებთან, თუმცა ძალიან მაღალი ალბათობით შემიძლია გითხრათ, რომ ამერიკულ ვარიანტს, ასე პირდაპირ გადმოთარგმნილს და გადმოკოპირებულს ჩვენი მხარდაჭერა არ და ვერ ექნება სწორედ ამის გამო. მართლაც იყო შეხვედრა ამასთან დაკავშირებით რამდენიმე ხნის წინ და მათ დააფიქსირეს პრინციპების დონეზე პოზიცია, რომ სურდათ ამერიკული ვარიანტის კოპირებული ვარიანტის შემოტანა ინიციატივის სახით.

ჩვენ მათ ვუთხარით, რომ ამ შემთხვევაში ვერ იქნებოდა ჩვენი მხარდაჭერა, რადგან მართლაც ძალიან მკაცრია, ძალიან ხისტია, შეუთავსებელია ადამიანის უფლებებთან. პირდაპირ ვამბობთ, ყოველგვარი გადაჭარბების და მორიდების გარეშე და ამდენად მკაცრი კანონმდებლობა ამ სფეროში, მგონია, რომ მართლაც დააზიანებს ენჯეოსექტორის ინტერესებს და ზოგადად, საზოგადოებრივ ინტერესებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ მაშინ მათ ვთხოვეთ, რომ აკრძალვები და შეზღუდვები საერთოდ ამოეღოთ. თუ უნდოდათ მსგავსი კანონპროექტის ინიცირება, აკრძალვები და შეზღუდვები საერთოდ ამოეღოთ, მათ ეს გააკეთეს, მაგრამ ამის მიუხედავადაც კი რამხელა ამბავი ატყდა. მგონია, რომ ცოტა ზედმეტია სიბრაზე, თუ ნებისმიერს, ვინც თქვა, რომ ეს არის რუსული კანონმდებლობა, ემოციებით და თქვეს, მოდი, დავაკოპიროთ, პირდაპირ შემოვიტანოთ ეს რეგულაციები, მე ეს მთლად სწორი არ მგონია. ამიტომ, მე წინასწარვე ვაცხადებ, რომ ჩვენი ფრაქციის მხარდაჭერა ვერ ექნება ამერიკულ კანონპროექტს, რადგან მართლაც, როგორც რუსულ ვარიანტში, ასევე ამერიკულ ვარიანტში არის მთელი რიგი უმკაცრესი, უხისტესი შეზღუდვები, რაც მე მგონია, რომ ამ ქვეყანაში არ უნდა მუშაობდეს და არ იმუშავებს“, – განაცხადა მდინარაძემ.

"ხალხის ძალა" პარლამენტს განსახილველად უცხოური გავლენის თაობაზე უკვე რეგისტრირებულ პროექტთან ერთად ალტერნატიულ კანონპროექტს - ამერიკული კანონის კოპირებას სთავაზობს. აღნიშნულის თაობაზე პარლამენტში "ხალხის ძალის" წარმომადგენელმა დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ანტიდასავლური განცხადებებით გამორჩეული „ხალხის ძალა“ პარლამენტში კანონპროექტის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ აინიცირებს. კანონპროექტი პარლამენტში 20 თებერვალს დაარეგისტრირეს.

ამ პირველ ინიციტივას ვაშინგტონის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. 16 თებერვალს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ-ს ღრმად აშფოთებს საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტის შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. ნედ პრაისის თქმით, შემოთავაზებული კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან.