ამ ოპოზიციას რას გაუგებ, ჩემო ოლღა-მეთქი, ხუმრობით გეტყოდით, მაგრამ ფაქტია, რომ მათ არაფერი მოსწონთ, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.
თეა წულუკიანის განცხადებით, ყველა დარგი და სფერო მაქსიმალურად გამჭვირვალე უნდა იყოს.
„ძალიან დიდი ხანია, საქართველოში დღის წესრიგში დგას საკითხი, რომელიც ეხება, ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, ყველა დარგისა და სფეროს მაქსიმალურ გამჭვირვალობას. იდეალური გამჭვირვალობა იქ, სადაც ადამიანები ვართ, ალბათ ძნელია, მიიღწეს, მაგრამ მთავრობამ, სახელისუფლებო სტრუქტურებმა სხვადასხვა აღმასრულებელ, საკანონმდებლო თუ სასამართლო სტრუქტურაში შეძლეს, რომ სხვადასხვა ახალი კანონის წყალობით ეს პროცესები, მათ შორის ფინანსური რესურსის მართვის პროცესი, გამხდარიყო უფრო გამჭვირვალე. გახსოვთ ალბათ 2013 წლიდან მიღებული კანონები, რომლის შედეგადაც საჯარო ინფორმაციის გაცემაზე მთავრობისთვის და სხვა სტრუქტურებისათვის გამკაცრდა წესები, გაცილებით უფრო გამჭვირვალე გახდა. ჩვენ მივიღეთ არაერთი კანონი, რომ ჩვენი საჯარო მოხელეები, მათ შორის არც თუ ისე მაღალი თანამდებობის პირები ვალდებულნი გახდნენ, რომ შეავსონ ქონებრივი დეკლარაციები. ეს ქონებრივი დეკლარაციები არა მხოლოდ არის ელექტრონული, არამედ ჩვენი ხელისუფლების ფარგლებში, ჩვენს თავსვე დავუწესეთ, რომ დავექვემდებარებოდით მონიტორინგს.
გახსოვთ, არაერთი მაღალჩინოსანი დაჯარიმდა კიდეც, როდესაც მათ ქონებრივი დეკლარაცია არასრულყოფილად ან არაზუსტად შეავსეს და ა.შ. ძალიან ბევრი ნორმა შემოვიდა საამისოდ, მაგრამ არცერთი კანონი დღემდე არ ყოფილა შემუშავებული არასამთავრობო სექტორისა და კერძო სტრუქტურებისთვის, ისეთებისთვის, როგორიც არის ე.წ. აიპები, ჩვენ რომ „ენჯეოებს“ ვეძახით, მათი მეტი გამჭირვალობისათვის. არადა, ჩვენ გაქვს საფუძვლიანი ეჭვი, ვიფიქროთ, რომ არაერთ „ენჯეოში“ არანაკლები თანხა შეიძლება, მოძრაობდეს, ვიდრე თუნდაც ჩემი სამინისტროა. რასაკვირველია, საზოგადოებრივი ინტერესი მოითხოვს, რომ მათი საქმიანობაც გახდეს უფრო გამჭვირვალე. ახლა თუ ვინმე ჩვენ გვიქადაგებს გამჭვირვალობას და თვითონ არ უნდა იყოს გამჭვირვალე, ეს მათი პრობლემაა, მათ უნდა აუხსნან ხალხს, რაში აქვთ პრობლემა, რამე ხომ არ აქვთ დასამალი. მგონია, რომ არაფერია არსად დასამალი, ამიტომ გამჭვირვალობა ჯანსაღი თანამშრომლობის საუკეთესო საწინდარია", - განაცხადა წულუკიანმა.