ილია დარჩიაშვილი უკრაინის ომის წლისთავთან დაკავშირებით, გაეროს გენერალური ასამბლეის სპეციალურ სესიაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი სამუშაო ვიზიტით ნიუ-იორკში იმყოფება, სადაც მონაწილეობას მიიღებს უკრაინის ომის წლისთავთან დაკავშირებით მიმდინარე წლის 22-23 თებერვალს დაგეგმილ გაეროს გენერალური ასამბლეის მეთერთმეტე სპეციალური სესიის მეჩვიდმეტე პლენარულ შეხვედრაში.

საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ილია დარჩიაშვილი სიტყვით მიმართავს სესიის მონაწილეებს.

სესიის ფარგლებში დაგეგმილია გაეროს ფარგლებში ინიცირებული რეზოლუციის პროექტის - „გაეროს ქარტიის პრინციპები, რომლებიც საფუძვლად უდევს ყოვლისმომცველ, სამართლიან და გრძელვადიან მშვიდობას უკრაინაში“ განხილვა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრებს გამართავს გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის პრეზიდენტთან, ჩაბა კოროშისთან და კოლეგა მინისტრებთან.