თეგი: საგარეო

გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა საგარეო უწყებაში შეხვედრა გამართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ ჯანჯალიამ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ჰუბერტ ქნირშთან შეხვედრა გამართა. საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგი და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები. „კმაყოფილებით აღინიშნა, ქართულ-გერმანულ-ფრანგული სამკუთხედის ფარგლებში, სამი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის გამართული დისკუსია სტრატეგიულ საკითხებზე. ყურადღება გამახვილდა წლის განმავლობაში უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების მნიშვნელობაზე, როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების ჩართულობით. ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30-ე წლისთავის აღნიშვნას და ერთობლივ საიუბილეო ღონისძიებებს. ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგის გარდა, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს და გაცვალეს მოსაზრებები რეგიონში არსებულ მდგომარეობასა და უსაფრთხოების გამოწვევებზე, გერმანიის ჩართულობაზე უკრაინის კრიზისის დეესკალაციის პროცესში, საქართველოს მიმართ რუსეთის აგრესიასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე. აღინიშნა საქართველოს თემატიკის მაღალ დონეზე განხილვის მნიშვნელობა გერმანიის დიდი შვიდეულის თავმჯდომარეობის დღის წესრიგსა და დისკუსიებში. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს საგარეო პოლიტიკის ისეთ პრიორიტეტულ თემებს, როგორიცაა ევროკავშირში ინტეგრაცია და NATO-ში გაწევრიანება. ხაზი გაესვა ასოცირებული ტრიოს ინიციატივას, როგორც საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიერ ევროკავშირთან მეტი ინტეგრაციისკენ გადადგმულ ნაბიჯს. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა აქტიური თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს“. 

რატომ არ შეუერთდა საქართველო გაეროს საერთაშორისო სასამართლოში უკრაინის მხარდამჭერ 40-ზე მეტი ქვეყნის განცხადებას - საგარეო უწყების განმარტება

გაეროს საერთაშორისო სასამართლოში უკრაინის მხარდასაჭერად, 40-ზე მეტი ქვეყნის სახელით ერთობლივ განცხადებაზე არმიერთების საკითხს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განმარტავს. უწყებაში Europetime-ს განუცხადეს, რომ „გამომდინარე ფაქტიდან, რომ საქართველოს თავად აქვს სარჩელები შეტანილი რუსეთის წინააღმდეგ სხვადასხვა საერთაშორისო სასამართლოში, ასეთ ტიპის ვალდებულებების წინასწარ აღებამ შესაძლოა, გავლენა იქონიოს საქართველოს მიერ წარმართულ პროცესებზე“. „საქართველო ჩვეულებისამებრ განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას საერთაშორისო ორგანიზაციებში, მათ შორის, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებითაც. ამ მხრივ ნიშანდობლივია, რომ საქართველომ 2022 წლის მარტში 39 სხვა სახელმწიფოსთან ერთად მიმართა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორს გამოძიების დაწყების შუამდგომლობით. გამოძიება დაწყებულია და აქტიურად მიმდინარეობს. ეს განცხადება ეხება ჰააგაში მდებარე მეორე სასამართლოს - მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს (ICJ), სადაც უკრაინის მხარდამჭერ განცხადებას საქართველო უკვე მიუერთდა 2022 წლის მაისში. ეს კონკრეტული შემთხვევა წარმოადგენს ჩვეულ სამუშაო პროცესს, სადაც საქმე ეხება ამ სამართლებრივ პროცესში საქართველოს პოტენციურად მესამე მხარედ ჩართვას და შესაბამისი ვალდებულებების აღებას („აღნიშული დეკლარაციის ხელმომწერები, რომლებიც არიან გენოციდის შესახებ კონვენციის მხარეები, გამოხატავენ განზრახვას ჩაერთონ აღნიშნულ პროცესში“). გამომდინარე ფაქტიდან, რომ საქართველოს თავად აქვს სარჩელები შეტანილი რუსეთის წინააღმდეგ სხვადასხვა საერთაშორისო სასამართლოში, ასეთ ტიპის ვალდებულებების წინასწარ აღებამ შესაძლოა, გავლენა იქონიოს საქართველოს მიერ წარმართულ პროცესებზე, რაზეც საქართველოს მიმართული აქვს მაქსიმალური ძალისხმევა. საქართველო, კვლავ გააგრძელებს საერთაშორისო საზოგადოებასთან ჩართულობით საერთაშორისო ორგანიზაციებში უკრაინის აქტიურ მხარდაჭერას“, - განაცხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროში. ცნობისთვის, გაეროს საერთაშორისო სასამართლოში უკრაინის მხარდასაჭერად, 40-ზე მეტი ქვეყნის სახელით ერთობლივი განცხადება გავრცელდა. ქვეყნები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეაჩეროს სამხედრო მოქმედებები უკრაინაში, როგორც ეს სასამართლომ 2022 წლის 16 მარტის ბრძანებაში, დროებითი ზომების შესახებ დაავალა“. 

მედია: გარკვეული კატეგორიის პირთათვის საიმიგრაციო ვიზის მისაღებად საგარეო უწყებისთვის მიმართვა შესაძლოა, შეიზღუდოს

საქართველოს მთავრობა სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით ახალი რეგულაციების მომზადებას აპირებს. საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, საგარეო უწყება ახალ საკანონმდებლო ცვლილებებზე საშემოდგომო სესიის საქმიანობის იმ გეგმაში საუბრობს, რომელიც პარლამენტს მთავრობამ უკვე წარუდგინა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონი საქართველოში შემოსვლისა და ყოფნის განსხვავებული რეჟიმის დაწესების შესაძლებლობას უშვებს, რაც მდგომარეობს იმაში, რომ მთავრობის N256 დადგენილებით განსაზღვრული ქვეყნების ბინადრობის ნებართვისა და ვიზის ქონის შემთხვევაში, უცხოელს უფლება აქვს (აღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე) შემოვიდეს საქართველოში და იმყოფებოდეს 180-დღიან პერიოდში, 90 კალენდარული დღის ვადით და რაც მათ ასევე არ უზღუდავს საიმიგრაციო ვიზაზე მიმართვის შესაძლებლობას. მთავრობის ცნობით, პრაქტიკამ ცხადყო, რომ ზემოაღნიშნული პირები ბოროტად იყენებენ კანონმდებლობის მოქმედი ნორმებით დადგენილ შესაძლებლობას (საქართველოში შემოვიდნენ მოკლევადიანი ვიზიტით და არა საიმიგრაციო მიზნებით) და სამინისტროს მიმართავენ საიმიგრაციო ვიზის გაცემის მოთხოვნით. „ცხადია, რომ მათი მიზანია ხანგრძლივ პერსპექტივაში ბინადრობის ნებართვის აღება, რისთვისაც საჭიროებენ კანონით განსაზღვრული შესაბამისი კატეგორიის ვიზის ფლობას, რაც თავის მხრივ, არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს სხვა ქვეყნის მოქალაქეებს და ამასთან, კონტროლის მიღმა ტოვებს სახელმწიფო უსაფრთხოების ელემენტსაც. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებითა და იმისთვის, რომ თავიდან იყოს აცილებული კანონის მოქმედი ნორმების ბოროტად გამოყენების შესაძლებლობა, დღის წესრიგში დადგა კანონში შესაბამისი ცვლილების განხორციელების აუცილებლობის საკითხი, რომლის მიზანია, ზემოაღნიშნული კატეგორიის პირთა წრეს შეეზღუდოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის საიმიგრაციო ვიზის მიღების მოთხოვნით მიმართვის შესაძლებლობა“, - აცხადებს მთავრობა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. ახალი რეგულაციების ფარგლებში იგეგმება აღსრულებისას გამოვლენილი ხარვეზის გამოსწორება და რიგი ნორმების შინაარსის დაზუსტება. კერძოდ, იმ პირთა წრის დაზუსტება, რომლებზეც გაიცემა საქართველოს ვიზა; საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმისა და ვიზის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამიჯვნა და ვიზის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გაფართოება; საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტისა და ვიზის მოქმედების ვადის შეწყვეტის საფუძვლების ერთმანეთისგან გამიჯვნა/დაზუსტება (რადგან ვიზის შეწყვეტის საფუძვლები არ არის ამომწურავი და საჭიროებს განვრცობას). „კანონის მოქმედი რედაქცია საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტის საფუძვლებში მოიაზრებს, როგორც ბინადრობის ნებართვის შეწყვეტის საფუძვლებს, ასევე ვიზის შეწყვეტის საფუძვლებს. არსებულმა პრაქტიკამ აჩვენა, რომ ვიზა შეიძლება, შეწყდეს არა მხოლოდ უცხოელის საქართველოში ყოფნის პერიოდში, არამედ საქართველოში შემოსვლამდეც. შესაბამისად, მიზანშეწონილია ვიზის შეწყვეტის საფუძვლების ცალკე გამოყოფა“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

საქართველოს ელჩი გიორგი ზაქარაშვილი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა

უკრაინაში საქართველოს ელჩი გიორგი ზაქარაშვილი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ევგენი პერებიინისს შეხვდა. შესაბამის ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „უკრაინის საგარეო უწყებაში საქართველოს ელჩს დაუდასტურეს, რომ ვერ ხედავენ საფრთხეს საქართველოში უკრაინის მოქალქეების ყოფნასთან დაკავშირებით. უკრაინაში საქართველოს ელჩი გიორგი ზაქარაშვილი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ევგენი პერებიინისს შეხვდა. შეხევდრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-უკრაინის ორმხრივი ურთიერთობის მიმდინარე საკითხებზე, ქართული მხარის მიერ კიდევ ერთხელ დაფიქსირდა საქართველოს მხარდაჭერა და სოლიდარობა უკრაინის მიმართ. საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ანდრი კასიანოვი მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს უკრაინულმა მხარემ მადლიერება გამოხატა საქართველოს მიმართ როგორც პოლიტიკური მხარდაჭერის ასევე ომის პერიოდში გაწეული მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარებისთვის. მათ შორის უკრაინის მხრიდან გამოითქვა მადლიერება უკრაინელი ლტოლვილების მიღებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ უკრაინა და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მადლობელია ქართული მხარის მიმართ, უკრაინის მოქალაქეების საქართველოში მიღებისა და მათი დახმარებისთვის და საქართველოში უკრაინის მოქალაქეების ყოფნასთან დაკავშირებით ვერანირ საფრთხეს ვერ ხედავს“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თურქეთში, საქართველოს 6 მოქალაქის ადგილსამყოფლის დადგენაზე მუშაობა გრძელდება - საგარეო

თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარ ძლიერ მიწისძვრასთან დაკავშირებით, თურქეთში საქართველოს საელჩო გადავიდა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე. საგარეო უწყების ცნობით, სტიქიის ზონაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ადგილსამყოფლის, მათი მდგომარეობისა და საჭიროებების დადგენის მიზნით, დიპლომატიური წარმომადგენლობა მუდმივ კავშირზეა თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების ცენტრთან. „აღსანიშნავია, რომ სტიქიის ზონაში, საავტომობილო გზებისა და აეროპორტების დაზიანების გამო, შეფერხებულია გადაადგილება. აკრძალულია ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გარდა ამისა, ვითარებას ართულებს რთული მეტეოროლოგიური პირობები და განმეორებითი ბიძგები. შესაბამისად, მდგომარეობა სწრაფად იცვლება. იცვლება დაზარალებულთა და გარდაცვლილთა რიცხვიც. საელჩოს ქალაქის ნომრებზე, მოქმედ ცხელს ხაზებზე, ასევე ელჩისა და საელჩოს თანამშრომლების სოციალურ ქსელებზე, ორი დღის განმავლობაში შესულია საქართველოს მოქალაქეებისა და მათი ოჯახის წევრების ათასზე მეტი სატელეფონო ზარი და მიმართვა. ამასთან, საელჩოს მიმართა საქართველოს ასზე მეტმა მოქალაქემ. მათ შორის, განსაკუთრებით რთული იყო 20-მდე მოქალაქის შემთხვევა. აქედან, 14 მოქალაქის ადგილსამყოფელი, ამ ეტაპზე, დადგენილია. შედგა მათთან კომუნიკაცია. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ხოლო 6 მოქალაქის ადგილსამყოფლის დადგენაზე მუშაობა ამ დრომდე გრძელდება. ამ ეტაპზე დასტურდება საქართველოს ორი მოქალაქის გარდაცვალება. საქართველოს საელჩო აქტიურად მუშაობს სტიქიის ზონაში მყოფი მოქალაქეების დასახმარებლად“, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.  

ილია დარჩიაშვილი უკრაინის ომის წლისთავთან დაკავშირებით, გაეროს გენერალური ასამბლეის სპეციალურ სესიაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი სამუშაო ვიზიტით ნიუ-იორკში იმყოფება, სადაც მონაწილეობას მიიღებს უკრაინის ომის წლისთავთან დაკავშირებით მიმდინარე წლის 22-23 თებერვალს დაგეგმილ გაეროს გენერალური ასამბლეის მეთერთმეტე სპეციალური სესიის მეჩვიდმეტე პლენარულ შეხვედრაში. საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ილია დარჩიაშვილი სიტყვით მიმართავს სესიის მონაწილეებს. სესიის ფარგლებში დაგეგმილია გაეროს ფარგლებში ინიცირებული რეზოლუციის პროექტის - „გაეროს ქარტიის პრინციპები, რომლებიც საფუძვლად უდევს ყოვლისმომცველ, სამართლიან და გრძელვადიან მშვიდობას უკრაინაში“ განხილვა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრებს გამართავს გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის პრეზიდენტთან, ჩაბა კოროშისთან და კოლეგა მინისტრებთან.  

გაფართოების პაკეტის ფარგლებში, ევროკომისიასთან კონსულტაციები დაიწყო

საქართველოს უწყებათაშორისმა დელეგაციამ ბრიუსელში, გაფართოების პაკეტის ფარგლებში, ევროკომისიასთან კონსულტაციები დაიწყო. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, თეიმურაზ ჯანჯალიას ხელმძღვანელობით, ბრიუსელში საქართველოს უწყებათაშორისი დელეგაციის ვიზიტი შედგა. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, კონსულტაციები გაიმართა ევროკომისიის გაფართოებისა და სამეზობლო მოლაპარაკებების საკითხებში გენერალური დირექტორატისა (DG NEAR) და სხვადასხვა სექტორული სამსახურის (DG) წარმომადგენლებთან. ასევე, ამ ვიზიტით დაიწყო გაფართოების პაკეტის ფარგლებში ევროკომისიასთან უწყებათაშორისი კონსულტაციები, რომელთა მიზანია კონკრეტული ნაბიჯებისა და ღონისძიებების შეთანხმება მეტი სექტორული და ინსტიტუციური დაახლოებისთვის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. „შეხვედრებისას განხილული იყო ამ პროცესში ევროკომისიის შესაბამისი სამსახურების ჩართულობა. კონსულტაციებზე მხარეებმა განიხილეს გაფართოების პროცესში ევროკავშირის ერთიან ბაზარზე საქართველოს მონაწილეობის თანდათანობით გაღრმავება ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, ევროკავშირთან ვაჭრობის, მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, სოციალური საკითხების, დასაქმების, სახელმწიფო შესყიდვების, ფინანსური მომსახურების, რეგიონული განვითარების, გარემოს დაცვის, კონკურენციისა სხვა მიმართულებებით. ეს პროცესი ეფუძნება საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების ფარგლებში განხორციელებულ რეფორმებს და მომავალში წარმოადგენს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილს. გაფართოების პაკეტის ფარგლებში, გაგრძელდება ინტენსიური კომუნიკაციები. მათ შორის, უახლოეს თვეებში დაიგეგმა ევროკავშირის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენელთა თემატური ვიზიტი საქართველოში“, - იუწყება საგარეო საქმეთა სამინისტრო. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება ისტორიული გადაწყვეტილებაა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. ამ გადაწყვეტილებით საქართველომ ასოცირებული ქვეყნებიდან გადაინაცვლა ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის (პაკეტის) ქვეყანათა რიგებში და, შესაბამისად, ქვეყანა, ასოცირების შეთანხმების მიღმა, ეტაპობრივად განახორციელებს ევროკავშირის კანონმდებლობასთან (EU acquis) სრულ დაახლოებას. უწყებათაშორისი დელეგაციის ვიზიტში მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის, სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა.

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია მიიღო

4 აპრილს, ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიიღო. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის შეფასებით, საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, საქართველოს, მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა მკაფიოდ კიდევ ერთხელ დადასტურდა. საქართველოს რეზოლუცია საბჭოს სხდომაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ წარადგინა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ლაშა დარსალიამ ისაუბრა რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე; ხაზი გაუსვა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაციის ეფექტურ კონტროლსა და რუსეთის პასუხისმგებლობას ადგილზე ადამიანის უფლებათა დარღვევებზე, რაც დადასტურდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა (ECHR) და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) გადაწყვეტილებებით. მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება ნათლად მიუთითებს ოკუპირებულ რეგიონებში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისისა და ადამიანის უფლებათა მონიტორინგის სხვა საერთაშორისო მექანიზმების დაშვების აუცილებლობაზე. საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუციის განხილვისას, მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის, კოსტა რიკისა და ლიეტუვის დელეგაციებმა და საბჭოს წევრებს რეზოლუციის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს. რეზოლუციაში, ადამიანის უფლებათა საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ადამიანის უფლებათა საბჭო გამოთქვამს სერიოზულ შეშფოთებას ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული სხვადასხვა სახის დისკრიმინაციის ფაქტების თაობაზე და მოითხოვს ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და რეგიონული მექანიზმების დაუყოვნებლივი და შეუზღუდავი დაშვების უზრუნველყოფას. რეზოლუციაში საბჭო ხაზს უსვამს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე შექმნილი, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას. ხაზგასმულია, ასევე გალსა და ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების (IPRM) როლი. გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო, მიღებული რეზოლუციით, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს ავალებს, საბჭოს მომდევნო - 53-ე და 54-ე სესიებზე, რეზოლუციის შესრულებასთან დაკავშირებით, ზეპირი და წერილობითი ანგარიშების წარდგენას.

საგარეო სუდანზე: ადგილზე ვითარება უკიდურესად რთულია და ზუსტი დრო, როდის მოხდება მოქალაქეების გამოყვანა, ცნობილი არ არის

სუდანში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გამოყვანასთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და იუწყბა, რომ ადგილზე ვითარება უკიდურესად რთულია და ზუსტი დრო, თუ როდის მოხდება საქართველოს მოქალაქეების გამოყვანა, ცნობილი არ არის. „საგარეო საქმეთა სამინისტრო, სხვადასხვა აქტორთან ერთად, კვლავ აქტიურად მუშაობს სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანაზე, მაგრამ ვითარება არის უკიდურესად რთული და არაპროგნოზირებადი, გრძელდება შეტაკებები. შესაბამისად, ზუსტი დრო, თუ როდის მოხდება საქართველოს მოქალაქეების გამოყვანა, არ არის ცნობილი. ვრჩებით მუდმივ კონტაქტზე იქ მყოფ ქართველებთან", - აღნიშნულია განცხადებაში.  

საგარეო საქმეთა სამინისტრო: სუდანში მყოფი საქართველოს მოქალაქეები უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს, საიდანაც მათი ევაკუაცია განხორციელდება

სუდანში მყოფი საქართველოს მოქალაქეები ქალაქ ხარტუმის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან მეტად უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს, საიდანაც მათი შემდგომი ევაკუაცია განხორციელდება. „ამჟამად მოქალქეები იმყოფებიან ქალაქის უსაფრთხო ნაწილში. უწყება აგრძელებს მუშაობას მათი სუდანიდან სრული ევაკუაციისთვის", - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში. საგარეო სუდანზე: ადგილზე ვითარება უკიდურესად რთულია და ზუსტი დრო, როდის მოხდება მოქალაქეების გამოყვანა, ცნობილი არ არის  

საგარეო უწყება უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო „ღრმა შეშფოთებას“ გამოხატავს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა შეშფოთებას უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო - დაატოვებინოს საქართველოს ელჩს ქვეყნის ტერიტორია კონსულტაციის მიზნით. ეს ქმედება წარმოადგენს დიპლომატიური ურთიერთობების გამწვავების უკიდურეს ფორმას და სამწუხაროა, რომ ოფიციალური კიევი მიმართავს ამ ნაბიჯს მეგობარი სახელმწიფოსა და ხალხის მიმართ.აღნიშნულ გადაწყვეტილებას განსაკუთრებით გაუგებარს ხდის უკრაინის ხელისუფლების მიერ დასახელებული საფუძველი. შესაბამის განცხადებას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.  „მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ირგვლივ სპეკულაციებს წერტილი დაუსვა სტრასბურგის სასამართლოს  გადაწყვეტილებამ, რომლითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა სახელმწიფოს მხრიდან მიხეილ სააკაშვილის უფლებების  დაცვის უმაღლესი სტანდარტები. ასეთი განვითარების ფონზე, უკრაინის ხელისუფლების  გადაწყვეტილება არსებით ზიანს აყენებს ორი ქვეყნის სტრატეგიულ ურთიერთობებს და წარმოადგენს სუვერენული სახელმწიფოს საშინაო საქმეებში პირდაპირ ჩარევას. იმედს ვიტოვებთ, რომ ოფიციალური კიევი გადახედავს საკუთარ გადაწყვეტილებას და ძალისხმევას მიმართავს ორი ქვეყნის ისტორიულად მეგობრული ურთიერთობების შემდგომი განვითარებისკენ. უკრაინის საგარეო უწყება აცხადებს, რომ საქართველოს ელჩთან მწვავე პროტესტი დააფიქსირეს კიდევ ერთხელ გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ ურყევია საქართველოს მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის და უკრაინელი ხალხის მიმართ. ომის დაწყების დღიდან საქართველო ახორციელებს უკრაინის პოლიტიკურ  და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას როგორც ორმხრივ დონეზე, ისე სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატში. ნიშანდობლივია ისიც, რომ რუსეთის სამხედრო აგრესიის პირობებში, ყველაზე მძიმე წუთებშიც კი, უკრაინაში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ფუნქციონირება არ შეუწყვეტია. აღნიშნულის თაობაზე ოფიციალური თბილისის პოზიცია უკრაინულ მხარეს ასევე გადასცა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გიორგი ზაქარაშვილმა - დღეს კიევში უკრაინის საგარეო უწყებაში გამართული შეხვედრის დროს. აქვე გვსურს აღვნიშნოთ, რომ საქართველო მომავალშიც გააგრძელებს ომში მყოფი უკრაინისადმი სოლიდარობის გამოხატვასა და მხარდაჭერას. სწორედ იმის გამო, რომ უკრაინა ომის აქტიურ ფაზაშია, ქართული მხარე, აცნობიერებს რა თავის დიდ პასუხისმგებლობას საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით და, განსაკუთრებით, პარტნიორების მიმართ, ამ ეტაპზე თავს იკავებს უკრაინის მხრიდან გადმოდგმული ნაბიჯების საპასუხო რაიმე სახის დამატებითი რეაქციისგან და მასთან ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გამწვავებისაგან, რაც ჩიხში შეიყვანს არსებულ ისედაც რთულ ვითარებას," ნათქვამია განცხადებაში.  3 ივლისის საღამოს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ელჩს 48 საათის განმავლობაში კიევის დატოვება და მიხეილ სააკაშვილის საკითხზე კონსულტაციებისთვის თბილისში დაბრუნება შესთავაზა. კულება ზელენსკის მიმართვის შემდეგ ამბობს, რომ 4 ივლისს საქართველოს ელჩთან მკაცრი საუბარი გაიმართება მმართველი გუნდის შეფასებით, „სააკაშვილთან დაკავშირებით ზელენსკის ნაბიჯი შეურაცხმყოფელია.“  

საგარეო უწყება რუსეთს მოუწოდებს, შეასრულოს ევროკავშირის წინაშე 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აგვისტოს ომის მე-15 წლისთავზე, რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, შეასრულოს ევროკავშირის წინაშე 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან.“ შესაბამისი განცხადება უწყების ვებგვერდზე განთავსდა. „დღეს, 2023 წლის 7 აგვისტოს, სრულდება 15 წელი რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს განხორციელებული სრულმასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციიდან. 2008 წლის აგვისტოს რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელდა სუვერენული ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ძალის გამოყენებით დარღვევის პირველი შემთხვევა, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა რეგიონისა და მთლიანად ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურას. აღნიშნულიდან 15 წლისთავზე რუსეთის ფედერაცია საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების უგულებელყოფით, აგრძელებს საქართველოს განუყოფელი რეგიონების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/„სამხრეთ ოსეთის“ ოკუპაციას, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა საერთაშორისო სასამართლოების არა ერთი გადაწყვეტილებით. რუსეთის ფედერაცია არ ასრულებს ევროკავშირის შუამავლობით დადებულ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, აფართოებს საკუთარ უკანონო კონტროლს ოკუპირებულ რეგიონებში და სხვადასხვა ქმედებებით, მათ შორის ხელოვნური ბარიერების აღმართვით, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვით, უკანონო დაკავებებით და სხვა, დარტყმას აყენებს ადგილზე არსებულ ისედაც რთულ უსაფრთხოების და ჰუმანიტარულ გარემოს. ამასთან, ოკუპირებულ ტერიტორიებთან საერთო სოციალური და ეკონომიკური სივრცის შექმნის პროცესი, სხვადასხვა სახის ინტეგრაციული ე.წ. ხელშეკრულებებისა და მემორანდუმების გაფორმება, აძლიერებს ადგილზე რუსეთის ფედერაციის ეფექტურ კონტროლს და ხელს უწყობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები, ომის შედეგად დაშორიშორებული მოსახლეობის იზოლაციაში მოქცევას, როგორც დანარჩენი საქართველოსგან, ასევე საერთაშორისო საზოგადოებისგან. საოკუპაციო ძალა დღემდე აბრკოლებს ადგილზე ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების შეუზღუდავ წვდომასა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების განლაგებას. აგრეთვე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას არ ეძლევა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შესვლის შესაძლებლობა, მისიის მანდატის მიუხედავად. საქართველო განაგრძობს კონსტრუქციულ ჩართულობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში, რომელიც ერთადერთი ფორმატია ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების საკითხზე. საქართველო განუხრელად აგრძელებს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის განხორციელებას და მოწადინებულია, რომ დიპლომატიური და სამართლებრივი ინსტრუმენტების გამოყენებით, საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით უზრუნველყოს ქვეყნის დეოკუპაცია და მშვიდობიანი განვითარება. საქართველოს მთავრობა დგამს ნაბიჯებს საოკუპაციო ხაზით გაყოფილ საზოგადოებებს შორის შერიგებისა და ნდობის აღდგენის უზრუნველსაყოფად და საერთო ევროპული მომავლის მშენებლობისკენ. საქართველო მადლიერია ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის ურყევი და უპირობო მხარდაჭერისთვის და ხაზს უსვამს საერთაშორისო პარტნიორების წვლილს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში. საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, განაგრძოს კონსოლიდირებული ძალისხმევა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნებისა და საქართველოსა და მთლიანად რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების მიღწევის მიზნით. საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, შეასრულოს ევროკავშირის წინაშე 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან.“   15 წლის წინ რუსეთი საქართველოში შეიჭრა - საერთაშორისო საზოგადოება 2008 წლის აგვისტოზე  

ბუფერულ ზონაში მყოფი უკრაინელი მოქალაქეების შესახებ საგარეო უწყებამ დიპლომატიურ მისიას დახმარება შესთავაზა

საგარეო საქმეთა სამინისტრო ლარსის სასაზღვრო პუნქტის ბუფერულ ზონაში მყოფი უკრაინის მოქალაქეების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და განმარტავს, რომ უწყებამ მყისიერად ჩააყენა საქმის კურსში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული და შესთავაზა დიპლომატიურ მისიას დახმარება მოქალაქეების უკრაინაში გადაყვანასთან დაკავშირებით. საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ საჭიროა აღნიშნული მოქალაქეების იდენტიფიცირება და უკრაინის შესაბამისი უწყებებიდან ნებართვების აღება, რასაც დამატებითი დრო სჭირდება. „საზოგადოების მხრიდან მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს გამოვეხმაუროთ ლარსის გამშვებ პუნქტთან, ნეიტრალურ ზონაში, უკრაინის მოქალაქეებთან დაკავშირებით, რიგი მედია საშუალებების მხრიდან გავრცელებულ არაობიექტურ ინფორმაციას და საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ მორიგ უსაფუძვლო ბრალდებებს. გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ უკრაინის მოქალაქეებთან დაკავშირებით, ქართულმა მხარემ მყისიერად გამართა შეხვედრა საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულთან ოლექსანდრ შულჰასთან. ქართულმა მხარემ შესთავაზა უკრაინის დიპლომატიურ მისიას დახმარება მოქალაქეების უკრაინაში გადაყვანასთან დაკავშირებით. უკრაინის დროებითმა რწმუნებულმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს მიწოდებული ინფორმაციისა და თანადგომისთვის. მისი განცხადებით, საქართველოს საზღვართან მყოფი პირები, რომლებიც სასჯელს იხდიდნენ საპატიმრო დაწესებულებაში, ფლობენ უკრაინის შიდა პასპორტებს, თუმცა საჭიროა მათი იდენტიფიცირება და უკრაინის შესაბამისი უწყებებიდან ნებართვების აღება, რასაც სჭირდება დამატებითი დრო. როგორც დიპლომატმა აღნიშნა, იგი ამ ფაქტის შესახებ აცნობებს დედაქალაქს და დაელოდება მათ მითითებებს. შეხვედრაზე ოლექსანდრ შულჰამ კმაყოფილება გამოთქვა მსგავს საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობის კარგი პრაქტიკის გამო და ასევე აღნიშნა უკრაინის მოქალაქეების მიგრაციასთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობის პრაქტიკა. შეხვედრის დასასრულს, მან კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ქართულ მხარეს გულისხმიერებისთვის და აღნიშნა, რომ საკითხის შესახებ დაელოდება კიევიდან შესაბამის მითითებებს,” - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. გავრცელებული ინფორმაციით, ლარსის სასაზღვრო პუნქტთან ბუფერულ ზონაში 17 აგვისტოდან იმყოფება უკრაინის 6 მოქალაქე, რომლებიც საქართველოში შემოსვლის ნებართვას ელოდებიან. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, უკრაინის ხერსონის ოლქიდან საქართველოში შემოსვლის მსურველი 6-დან 5 კაცი ყოფილი პატიმარია, მათი თქმით, რუსეთში დაბრუნება სარისკოა.  

საგარეო უწყების ინფორმაციით, ლარსის სასაზღვრო პუნქტთან მყოფი უკრაინის მოქალაქეები საქართველოს ტერიტორიაზე შემოუშვეს

საქართველოს საგარეო უწყების განცხადებით, ლარსის სასაზღვრო პუნქტის ბუფერულ ზონაში მყოფი უკრაინის მოქალაქეები საქართველოს ტერიტორიაზე შემოუშვეს. „როგორც ცნობილია საქართველოს საზღვართან მყოფ უკრაინის მოქალაქეებთან დაკავშირებით ქართულმა მხარემ დაუყოვნებლივ შეატყობინა საქართველოში უკრაინის მისიას, რომელმაც განმარტა, რომ უკრაინის მხრიდან საკითხის გადასაჭრელად საჭირო არის შესაბამისი ხანგრძლივი პროცედურები. ქართული მხარე ამ ხნის განმავლობაში ელოდებოდა უკრაინის მხრიდან შესაბამის გადაწყვეტილებას. იმის გათვალისწინებით, რომ საზღვართან მყოფი უკრაინის მოქალაქეებიდან ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა, ქართულმა მხარემ მიიღო გადაწყვეტილება მათი საქართველოს ტერიტორიაზე შემოშვების შესახებ, რომლებიც უკვე აქ დაელოდებიან შესაბამის პროცედურების დასრულებას,“- ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში. უწყება 25 აგვისტოს კომენტარში მიუთითებდა, რომ ბუფერულ ზონაში მყოფი უკრაინელი მოქალაქეების შესახებ საგარეო უწყებამ დიპლომატიურ მისიას დახმარება შესთავაზა. მედიის ცნობით, უკრაინის 6 მოქალაქე ლარსის სასაზღვრო პუნქტთან 17 აგვისტოდან იმყოფებოდა.  

საქართველო ყარაბაღის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს არ ცნობს

თბილისმა განაცხადა, რომ ყარაბაღის „საპრეზიდენტო არჩევნებს“ არ ცნობს. შესაბამისი განცხადება უწყების ვებგვერდზე განთავსდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს მხარდაჭერას აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და არ ცნობს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ყარაბაღში, რომელიც გაიმართა 2023 წლის 9 სექტემბერს. ევროკავშირი მთიან ყარაბაღში გუშინ ჩატარებულ ე.წ. "საპრეზიდენტო არჩევნებს" არ აღიარებს. "2023 წლის 9 სექტემბერს ხანკენდში/სტეფანაკერტში ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნების“ ჩატარებასთან დაკავშირებით, ევროკავშირი იმეორებს, რომ არ ცნობს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც ის ჩატარდა,"- აღნიშნულია საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის პრესსპიკერის, ნაბილა მასრალის განცხადებაში. მისი თქმით, ამასთან მნიშვნელოვანია ყარაბაღელი სომხები გაერთიანდნენ დე-ფაქტო ლიდერების გარშემო, რომლებსაც შეუძლიათ და სურთ, ბაქოსთან შედეგზე ორიენტირებულ დისკუსიებში ჩაერთონ. შეგახსენებთ, არაღიარებულ მთიან ყარაბაღში, 9 სექტემბერს ე.წ. "საპრეზიდენტო არჩევნები" ჩატარდა და "პრეზიდენტად" სამველ შაჰრამანიანი აირჩიეს. მთიანი ყარაბაღის ტერიტორია საერთაშორისო სამართლის მიხედვით აზერბაიჯანის ნაწილად ითვლება. რეგიონის მოსახლეობა ძირითადად ეთნიკური სომხები არიან. 1990-იანი წლების დასაწყისიდან ბაქო ვერ აკონტროლებდა რეგიონის დიდ ნაწილს. სომხური თემის წარმომადგენლებმა გამოაცხადეს დამოუკიდებელი რესპუბლიკა, რომელიც არცერთმა ქვეყანამ, მათ შორის არც სომხეთმა, არ აღიარა. 2020 წლის შემოდგომაზე, მოკლევადიანი ომის შედეგად, აზერბაიჯანმა და სომხეთმა რუსეთის შუამავლობით ხელი მოაწერეს შეთანხმებას საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ. შეთანხმების თანახმად, რამაც ერევანში ოპოზიციის პროტესტი გამოიწვია, ბაქომ ყარაბაღისა და მისი მიმდებარე აზერბაიჯანული ტერიტორიების მნიშვნელოვან ნაწილზე კონტროლი დაიბრუნა.  

საგარეო უწყება: ქართულმა დელეგაციამ ჟენევაში დაგმო რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 59-ე რაუნდთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ქართულმა დელეგაციამ დაგმო რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის სოფელ კირბალთან საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობა, "რაც რუსეთის ოკუპაციის მძიმე შედეგების მკაფიო გამოხატულებაა და ადასტურებს რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების საჭიროებას." სამინისტროს ცნობით, რუსეთმა და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა "კვლავ მოახდინეს ჰუმანიტარული თემების პოლიტიზირება" და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ სახლებში დაბრუნების საკითხის განხილვის დროს დატოვეს მოლაპარაკებები. „5-6 დეკემბერს გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 59-ე რაუნდი. მოლაპარაკებებზე საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა. მოლაპარაკებებზე საქართველოს დელეგაციამ ძირითადი აქცენტი გააკეთა რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობასა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლში დაბრუნების თემებზე, რაც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხებს წარმოადგენს. ქართულმა დელეგაციამ დააყენა ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევით ჩადენილი დესტრუქციული ქმედებებით გამოწვეული უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილი პრობლემები. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა და დელეგაციის მიერ დაიგმო რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობა, რაც რუსეთის ოკუპაციის მძიმე შედეგების მკაფიო გამოხატულებაა და ადასტურებს რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების საჭიროებას. რუსეთმა და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა კვლავ მოახდინეს ჰუმანიტარული თემების პოლიტიზირება და დღის წესრიგის ერთ-ერთ უმთავრეს საკითხზე ─ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ სახლებში დაბრუნებაზე, დატოვეს მოლაპარაკებები,“ ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  ჟენევის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი 2024 წლის აპრილში გაიმართება. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე და მის მთავარ განსახილველ საკითხებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნება, რუსეთის ოკუპაციის შედეგად შექმნილი უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემები წარმოადგენს. მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ესწრებიან აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ისევე, როგორც ცხინვალსა და სოხუმში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები. აშშ-ის მისია ჟენევაში: ვგმობთ რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას

საგარეო უწყება: არჩევნებზე გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მოწვევის ვადები გაწერილია გეგმაში

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მოწვევის ვადები გაწერილია გეგმაში - სამწუხაროა, რომ ცალკეული პოლიტიკური ძალები ამჯერადაც ხელოვნურად ახდენენ აღნიშნული საკითხის პოლიტიზირებას და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, რითაც სადამკვირვებლო მისიის მოწვევასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხეს. მათივე ცნობით, გეგმის მიხედვით, 2024 წლის არჩევნებზე ეუთო/ოდირის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მოწვევა მიმდინარე წლის თებერვალშია დაგეგმილი. „2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მოწვევის ვადები გაწერილია გეგმაში, რომელიც ევროინტეგრაციის სამთავრობო კომისიის მიერ ჯერ კიდევ გასული წლის 27 ნოემბერს დამტკიცდა და რომელიც საჯაროა და ხელმისაწვდომია საქართველოს მთავრობის ვებ-გვერდზე. გეგმაში, რომელიც ევროკომისიის 2023 წლის გაფართოების პოლიტიკის შესახებ ანგარიშში საქართველოსთვის განსაზღვრული რეკომენდაციების განხორციელებას უზრუნველყოფს, დეტალურად არის გაწერილი ის ქმედებები და ვადები, რასაც ხელისუფლება ქვეყანაში თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველსაყოფად მიმართავს. სამწუხაროა, რომ ცალკეული პოლიტიკური ძალები ამჯერადაც ხელოვნურად ახდენენ აღნიშნული საკითხის პოლიტიზირებას და შეცდომაში შეჰყავთ საზოგადოება,“ - განაცხადეს სამინისტროში. ცნობისთვის, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საგარეო საქმეთა სამინისტროს მოუწოდა, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების მიზნით, ეუთო/ოდირს დამკვირვებლების გამოგზავნისთვის ოფიციალურად მიმართოს.  

ილია დარჩიაშვილი: თებერვალში გავაგზავნით წერილს და მოვიწვევთ როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან დამკვირვებლებს

„თებერვალში გავაგზავნით წერილს ODIHR-ში და მოვიწვევთ როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან დამკვირვებლებს,“ – ასე უპასუხა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ილია დარჩიაშვილმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დასმულ შეკითხვას. „მოგიწოდებთ, გაეცნოთ ხოლმე დოკუმენტებს, რომლებსაც საქართველოს მთავრობა პარლამენტთან ერთად ამუშავებს. სამოქმედო გეგმაში, რომელიც ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით შეიქმნა და გადავეცით ევროკავშირს, ცალსახად წერია, რომ თებერვალში გავაგზავნით მოწვევას ოდირში. ეს პირობა ძალაშია. თებერვალში, თებერვლის ბოლომდე გაიგზავნება წერილი საქართველოდან და მოვიწვევთ როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან ოდირის დამკვირვებლებს. ასე რომ, ჯერ დრო გვაქვს და ამას აუცილებლად შევასრულებთ,“ – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თინა ბოკუჩავას შეკითხვის საპასუხოდ. ამასთან, დარჩიაშვილის თქმით, მოქალაქეების რეგისტრაციასა და უბნებთან დაკავშირებით ოპონენტების განცხადებები პოლიტიკური სპეკულაციაა და საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები გაიხსნება კანონით დადგენილი წესით, არსებული პროცედურის შესაბამისად. „ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო კოორდინაცია ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან. საგარეო საქმეთა სამინისტრო აუცილებლად დაეხმარება ცესკო-ს, როგორც მანამდე, არჩევნების ადმინისტრირებისა და წარმატებით ჩატარებაში. გვაქვს მჭიდრო კონსულტაციები მათთან. სულ ახლახან ჩავატარეთ კონსულების კონფერენცია თბილისში და საუბარი იყო ცესკო-სთან პრაქტიკული თანამშრომლობის შესახებ. დარწმუნებული ვარ, არჩევნები, რომელიც უნდა გაიმართოს წელს, ოქტომბერში, იქნება ძალიან გამორჩეული, მათ შორის ადმინისტრირების თვალსაზრისითაც. გამოვხატავთ სრულ მზაობას, რომ ამ პროცესში შევიტანოთ ჩვენი ღირებული წვლილი. ბევრჯერ დაისვა კითხვა მოქალაქეების რეგისტრაციასა და უბნებთან დაკავშირებით. მგონია, რომ ეს პოლიტიკური სპეკულაციაა ჩვენი ოპონენტების მხრიდან. უბნები გაიხსნება კანონით დადგენილი წესით, იმ პროცედურის შესაბამისად, როგორც მანამდე ხდებოდა. შესაბამისად, მგონია, რომ აქ პოლიტიკური სპეკულაციების სივრცე არ არის. უბნები გაიხსნება კოორდინირებულად, ცესკო-სთან ერთად, კანონით დადგენილი ვადით. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ სურვილი, მისცენ ხმა, არსებობს საკონსულო აღრიცხვაზე აყვანის დადგენილი პროცედურა. ჩვენ, თითოეული დიპლომატი მაქსიმალურად და ინტენსიურად ვიმუშავებთ, რათა ჩვენი მოქალაქეები, რომლებსაც სურვილი აქვთ, არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა, დადგნენ აღრიცხვაზე და გამოხატონ თავიანთი კონსტიტუციით მინიჭებული უფლება. შესაბამისად, ჩემთვის გაუგებარია ეს პოლიტიკური სპეკულაციები. ვერანაირ პოლიტიკურ ქულებს ვერ მოუტანს ოპონენტებს,“ – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე. მისივე განმარტებით, საზღვარგარეთ დისტანციურად ხმის მიცემა რისკებთან არის დაკავშირებული, ისევე როგორც საქართველოში და ამ მიმართულებით ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებში ლოგიკა არ არის. „დისტანციური არჩევნები, ხმის მიცემა საქართველოში არის რისკებთან დაკავშირებული. ასევე, მინდა, შევახსენო ჩვენს ოპონენტებს, რომ საქართველოში თუ არის დისტანციურად ხმის მიცემა რისკებთან დაკავშირებული, მით უმეტეს, უზარმაზარ რისკებთან იქნება დაკავშირებული საზღვარგარეთ. შესაბამისად, არც აქ არანაირი ლოგიკა არ არის, ვისაუბროთ საზღვარგარეთ დისტანციურად ხმის მიცემის მნიშვნელობაზე და უფრო სწორად გადაწყვეტაზე,“ – აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა. ბორელი: 2024 წელს არჩევნები მთელ მსოფლიოში დეზინფორმაციისა და საგარეო ჩარევის მთავარი სამიზნე გახდება  

საგარეო უწყება: საქართველო ემზადება ჟენევის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდისთვის

საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ საქართველო განაგრძობს და მომავალშიც გააგრძელებს ამ მიზნით ძალისხმევას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში და ემზადება მომდევნო რაუნდისთვის. „ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას, სადაც ქართული მხარე, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მიზნად ისახავს, პროგრესს მიაღწიოს ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, როგორიც არის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება, ჰუმანიტარული საკითხები და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნება. საქართველო განაგრძობს და მომავალშიც გააგრძელებს ამ მიზნით ძალისხმევას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში და ემზადება მომდევნო რაუნდისთვის,“ ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის კომენტარში, რომელიც უწყებამ Europetime-ს მიაწოდა. ცნობისთვის, მოსკოვი ჟენევის დისკუსიების „სხვა ადგილას“ გადატანას მოითხოვს, განაცხადეს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ და ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ. მათი თქმით, საუბარია, კერძოდ, მინსკსა და ბაქოზე. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად შექმნილი ფორმატია. თავიდან ის წელიწადში ოთხჯერ ტარდებოდა, თუმცა პერიოდულობა, სხვადასხვა მიზეზით, არაერთხელ დაირღვა. საქართველოსა და რუსეთის გარდა, მოლაპარაკებებში მონაწილეობენ ცხინვალის და სოხუმის წარმომადგენლები. შეხვედრებში მონაწილეობს აშშ, ხოლო პროცესის თანათავმჯდომარეები არიან ევროკავშირის, ეუთოსა და გაეროს წარმომადგენლები. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები ორ პარალელურ სამუშაო ჯგუფში მიმდინარეობს. ერთი ჯგუფი განიხილავს უსაფრთხოების საკითხებს; ხოლო მეორე - იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხსა და ასევე სხვა ჰუმანიტარულ პრობლემატიკასა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს (მშობლიურ ენაზე განათლების მიღება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილება და სხვა).  

საგარეო უწყება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის „საპრეზიდენტო არჩევნების“ ჩატარებას გმობს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას და საარჩევნო უბნების უკანონოდ გახსნას, მასში ადგილობრივი მოსახლეობის მასიურად ჩართვის მიზნით. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების შეფასებით, აღნიშნული ქმედება წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯს, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს, და სრულად უგულებელყოფს გაეროს წესდებასა და ჰელსინკის დასკვნით აქტს. „ოკუპირებულ რეგიონებში ნებისმიერი არჩევნების ჩატარება უკანონოა ოკუპაციის ფონზე, რაც დადგენილია მათ შორის საერთაშორისო სასამართლოებით, და იმ პირობებში, როცა ოკუპირებული ტერიტორიებიდან ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილ მოსახლეობას კვლავ არ ეძლევა საკუთარ სახლში დაბრუნების შესაძლებლობა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები და შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს და რეაგირება მოახდინოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მორიგ უკანონო ქმედებებზე, რომლებიც მიმართულია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისაკენ," - აღნიშნულია განცხადებაში.