რუსთავის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ერთხმად ცნო დამნაშავედ.
პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2022 წლის 14 ივლისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ქესალოში, ბრალდებულმა წარსულში არსებული უთანხმოების გამო, შურისძიების მოტივით, სანადირო თოფიდან გასროლით დაზარალებულს სიცოცხლისთვის საშიში, მძიმე ხარისხის დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული ჭრილობის შედეგად, დაზარალებული საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.
„სამართალდამცველებმა ბრალდებული 15 ივლისს დააკავეს და სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ნაფიცი მსაჯულების მიერ გამოტანილი ვერდიქტის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და სასჯელის სახედ და ზომად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა“,- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.