ეკონომიკის ექსპერტი: კორონავირუსის მკურნალობა რომ ფასიანი ყოფილიყო, ქვეყნის ჩაკეტვა აღარ მოუწევდათ

რესტორნების გახსნის მოთხოვნით და დაწესებული შეზღუდვების გასაპროტესტებლად, თბილისის 200-მდე რესტორანი გაიფიცა და მიტანის სერვისი შეწყვიტა. მიტანის სერვისის შეწყვეტის გარდა, ასოციაციის წარმომადგენლებმა უმუშევრად დარჩენილებთან ერთად, მთავრობის კანცელარიასთან აქცია გამართეს.

Europetime აქციის ერთ-ერთ მონაწილეს, ეკონომიკის საკითხებში ექსპერტს პაატა შეშელიძეს დაუკავშირდა. ექსპერტი მთავრობის ყველაზე მცდარ გადაწყვეტილებად აფასებს ყველა სამედიცინო ხარჯის სახელმწიფოს თავზე აღებას.

„თუ მოქალაქე უპასუხისმგებლოდ იქცევა, დადის პირბადის გარეშე, არ იცავს დისტანციას და მერე ავად გახდა, სხვისი გადასახდელი არ უნდა იყოს მისი მკურნალობის ხარჯები. მოტივაცია ფინანსური პასუხისმგებლობა თუ იქნება, უკეთ მოუფრთხილდება ყველა თავს და ინფიცირებულთა რაოდენობაც ნაკლები იქნება.

მეტი ფინანსური პასუხისმგებლობის შემთხვევაში, ყველა ეს საწარმო, სასტუმრო, რესტორანი დაფიქრდებოდა, როგორ იმუშაოს, როგორ დაიცვას თავისი თანამშრომლები და ა.შ. მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდებოდა უსაფრთხოების ყველა ნორმას, უფრო მალე დანერგავდნენ თავდაცვის საშუალებებს: პირბადის ტარებას, დისტანციის დაცვას, ულტრაიისფერ სხივებით აღჭურვას და ა.შ. სახელმწიფო ამ შეზღუდვებით, უსაფრთხოების დაცვის მოტივაცია დააქვეითა. თავდაცვითი ბარიერების დანერგვას და პრაქტიკაში გამოყენებას შეუშალა ხელი. ფუნდამენტალურად არასწორად იყო ორგანიზებული პანდემიასთან ბრძოლის ეს სისტემა. არ შეიძლება, სხვა ქვეყნებს მივბაძოთ, როცა მათ სხვა ეკონომიკური შესაძლებლობები აქვთ“, - აღნიშნავს ეკონომიკის საკითხების ექსპერტი.

მისი თქმით, მარტიდან დღემდე აქცენტი უნდა გაკეთებულიყო სამედიცინო მომსახურების სიმძლავრეების გაზრდაზე და არა ქვეყნის და ბიზნესის ჩაკეტვაზე.

„მარტიდან უნდა ეზრუნათ სამედიცინო აღჭურვილობის, საწოლების რაოდენობის ზრდაზე, ექიმების კვალიფიკაციის ამაღლებაზე. თვეების განმავლობაში სულ რამდენიმე საავადმყოფოს ჰქონდა კოვიდინფიცირებული პაციენტების მიღების უფლება. მერე იყო იგივე ფუნდამენტურად არასწორი გადაწყვეტილებები, რაც ეხებოდა მკურნალობის დაფინანსებას, პირბადეებს. ანტისაბაზრო ეკონომიკის ლოგიკის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებები მიიღეს და შედეგად მიიღეს ის, რომ ხალხი გამოდის მიტინგზე და ამბობენ, რომ შიაათ.

რაც შეეხება მთავრობის მიმართ ეკონომიკურ რეკომენდაციებს: უნდა დააბრუნონ ნორმალური ცხოვრების რიტმი! ადამიანებმა უნდა მიხედონ თავის თავს! უნდა შეწყდეს პანდემიის საბიუჯეტო დაფინანსება“, - აღნიშნავს პაატა შეშელიძე.

რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებლის, შოთა ბურჯანაძის განცხადებით კი, აქციის მიზანია, ხელისუფლებამ დაინახოს, რომ ამ სექტორის განადგურების შემთხვევაში, ეს არამხოლოდ მათი, არამედ სახელმწიფოს პრობლემაც იქნება.

„არ გვინდა სუბსიდირება - გვინდა გავაგრძელოთ იმ 250 000 ადამიანის დასაქმება, რომლებიც დასაქმებული გვყავდა აქამდე და სახელმწიფოს მოვხსნათ ის წნეხი, როცა 200-ლარიანი დახმარებით ვალდებულია, ამ ხალხს დაეხმაროს. 200 ლარად ხალხი თავს ვერ ირჩენს. რესტორნების 24-საათიანი გაფიცვის აქციით გვინდა, სახელმწიფოს დავანახოთ, რა რეალობა იქნება ქვეყანაში, როდესაც რესტორნები ვერ შეძლებენ ოპერირებას, - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

აქციას ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი, თენგიზ ცერცვაძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ არც ექიმები და არც შესაბამისი სამთავრობო სტრუქტურები, რეგულაციების მოხსნის შესახებ პოპულისტურ მოსაზრებებს არ უნდა აყვნენ.

„დღესვე რომ მოიხსნას ყველა რეგულაცია ერთად, ამით იგივე მოსახლეობა, რომელიც შეჭირვებულია, კიდევ უფრო დაზარალდება. რეგულაციები უნდა მოიხსნას ეტაპობრივად და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პირბადეების ხმარება არის მნიშვნელოვანი“,- აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

29 იანვარს, მას შემდეგ რაც სარესტორნო ქსელების გაფიცვა დაანონსდა, ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მთავრობას ესმის, თუ რა მძიმე მდგომარეობაშია სარესტორნო ბიზნესი, თუმცა ნორმალურ ცხოვრებას ქვეყანა მალევე ვერ დაუბრუნდება.

„უნდა დავინახოთ და ვაღიაროთ, რომ როგორც კი გვეძლევა საშუალება ეპიდვითარებიდან გამომდინარე, ამა თუ იმ რეგიონს, ამა თუ იმ მიმართულებას ვხსნით. შეუძლებელია, რომ ერთ დღეში დავუბრუნდეთ ეპიდემიის წინა ვითარებას და ნორმალურ ცხოვრებას“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მთავრობის რეგულაციებით, ამ ეტაპზე ღია სივრცეში მუშაობის უფლება, მხოლოდ აჭარაში მდებარე რესტორნებს მისცეს, იმ მიზეზით, რომ აჭარაში ინფიცირების სტატისტიკამ საგრძნობლად იკლო.

22 იანვარს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ 15 თებერვლისთვის ინფექციის გავრცელების საშიშროება შემცირდება, რესტორნების მუშაობა სხვა რეგიონებშიც განახლდება.

„დამერწმუნეთ, ჩვენთვისაც თითოეული გადაწყვეტილებაა რთული, რადგან ძალიან კარგად გვესმის, რა პრობლემების წინაშე იმყოფება ბიზნესი, მათ აქვთ პასუხისმგებლობა დასაქმებული პერსონალის წინაშე, ასევე უმეტესობას აქვს სესხები, გეგმები და რა თქმა უნდა, ყველასთვის რთულია, როდესაც ვერ ვგეგმავთ მომავალს“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

რესტორნების გახსნის მოთხოვნით საპროტესტო აქცია ევროპის რამდენიმე ქვეყანაში გაიმართა. 27 იანვარს ერთ-ერთი ასეთია ქცია ბულგარეთში მოეწყო. Reuters-ის ინფორმაციით, აქციაში რესტორნებისა და კლუბების მფლობელები, ასევე მიმტანები და ბარმენები მონაწილეობდნენ. ზაფხულში დროებით გახსნის შემდეგ რესტორნებს და კაფე-ბარებს ღია სივრცეში მუშაობის უფლება ნოემბერში შეუჩერდათ.