ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, უკრაინაში ომის დასრულების შესახებ ჩინეთის მიერ შეთავაზებულ სამშვიდობო გეგმას მხარდაჭერა გამოუცხადა. სამინისტრომ ასევე მოუწოდა „სამხედრო კონფლიქტში ჩართულ მხარეებს, გამოიჩინონ კეთილგანწყობა, შეწყვიტონ საომარი მოქმედებები და დასხდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან და მსოფლიო საზოგადოებამ ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს სიტუაციის დიპლომატიურ გადაწყვეტას“.
„ყაზახეთის რესპუბლიკა მიესალმება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პოზიციას უკრაინის კრიზისის პოლიტიკურ მოგვარებასთან დაკავშირებით, რომელიც იმსახურებს მხარდაჭერას სისხსლისღვრის დასრულების მიზნით, რომელიც გაეროს წესდების ფუნდამენტური პრინციპების შესაბამისად უნდა ეფუძნებოდეს სახელმწიფოების ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
Wall Street Journal-ის ინფორმაციით, სი ძინპინი მოსკოში ჩასვლას გეგმავს. მისივე ცნობით, პეკინს სურს, აქტიური როლი ითამაშოს ომის დასრულებაში.
ცნობისთვის, 24 თებერვალს ჩინეთმა უკრაინაში ომის დასრულების საკუთარი 12-პუნქტიანი გეგმა წარმოადგინა. ჩინეთის მიერ წარდგენილ დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ბირთვული იარაღი არ უნდა იყოს გამოყენებული" და ბირთვული ომები არ უნდა მოხდეს.
უფრო კონკრეტულად, ეს გეგმა მოიცავს ცივი ომის მენტალიტეტზე უარის თქმას, საომარი მოქმედებების შეწყვეტას, სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებას, პოსტკონფლიქტური რეკონსტრუქციის ხელშეწყობას, ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვას, ჰუმანიტარული კრიზისის მოგვარებას, მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედრო ტყვეების დაცვას, ატომური ელექტროსადგურების დაცვას, სტრატეგიული რისკების შემცირებას, მარცვლეულის ექსპორტის ხელშეწყობას, ცალმხრივი სანქციების შეჩერებას, სამრეწველო და მიწოდების ჯაჭვების სტაბილურობის შენარჩუნებას. გეგმაში არ არის ნახსენები უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების გაყვანა, როგორც ომის დასრულების გზა.