გამარტივებული შესყიდვის განხორციელებისთვის კანონით დაწესებული მონეტარული ზღვრების გაზრდა იგეგმება. შესაბამისი ცვლილებები მთავრობამ მოამზადა, რომლის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.
კანონპროექტის მიხედვით, შემსყიდველ ორგანიზაციებს შესაძლებლობა ეძლევათ, 10 000 ლარამდე ღირებულების ერთგვაროვანი საქონლის ან მომსახურების, ხოლო, სამუშაოს შესყიდვის შემთხვევაში – 20 000 ლარამდე ღირებულების ერთგვაროვანი სამუშაოს (ნაცვლად 5 000 ლარამდე ღირებულების ერთგვაროვანი ობიექტების) სახელმწიფო შესყიდვა განახორციელონ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
მთავრობა განმარტავს, რომ ცვლილებებით სავალდებულო აღარ იქნება ელექტრონული ტენდერის მიმართ კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვა და შესაბამისად გამოქვეყნების საფასურის გადახდა, რაც 50 ლარს შეადგენს.
„ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგად, კანონპროექტს შესაძლოა, გავლენა ჰქონდეს შემსყიდველ ორგანიზაციებზე და შესაბამისად, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე (მისი შემცირების კუთხით) ასევე შესაძლოა, შემსყიდველი ორგანიზაციების ადამიანური რესურსი დაიზოგოს“, – აღნიშნავს მთავრობა.