აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში კიდევ ერთი განცხადება გაკეთდა საქართველოში ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით. საუბარია „უცხოური გავლენის აგენტის“ თაობაზე, „ხალხის ძალის“ მიერ წარდგენილ კანონპროექტზე.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ აშშ-ს ღრმად აშფოთებს საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტის შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში.
ნედ პრაისს ჟურნალისტმა ჰკითხა, მიმდინარეობს თუ არა კონსულტაციები ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით, თბილისსა და ვაშინგტონს შორის, რაზეც ნედ პრაისმა უპასუხა, რომ როგორც 16 თებერვალს აღნიშნა, ამ კანონპროექტის შესახებ ინფორმირებულნი არიან და არსებული შეშფოთება საქართველოს მთავრობასაც არაერთხელ გაუზიარეს.
„ასეთი კანონი მოახდენს სტიგმატიზაციას და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმებს საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან. ჩვენ გვჯერა, რომ მსგავსი კანონი პოტენციურ საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ევროატლანტიკურ მისწრაფებას, რომელიც ქართველმა ხალხმა ასე ნათლად არაერთხელ გამოხატა ბოლო ათწლეულების განმავლობაში“.
ნედ პრაისმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ განცხადებები იმის შესახებ, რომ ეს კანონპროექტი დაფუძნებულია შეერთებულ შტატებში არსებული უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტზე (FARA), აშკარად მცდარია.
„მეტიც, ეს კანონპროექტი ჩანს, რომ ეფუძნება მსგავს რუსულ და უნგრულ კანონმდებლობას [და არა FARA-ს ან რომელიმე ამერიკულ კანონმდებლობას], - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა.