პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სახალხო დამცველის პოსტზე ლევან იოსელიანის კანდიდატურასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საკითხს უმრავლესობაში განიხილავენ.
„საინტერესო ინიციატივაა. ვნახოთ, განვიხილავთ უმრავლესობაში. არაერთხელ აღვნიშნე, რომ ყველანაირად თუ შევხედავთ - რაციონალურად, პოლიტიკურად პრაგმატულად, უმრავლესობა დაინტერესებულია, რომ პარლამენტმა სახალხო დამცველის არჩევა შეძლოს.
ეს ჩვენი ამოცანა და ინტერესია, ამიტომ იყო, რომ ყველანაირად ვცდილობდით, ოპოზიციისთვის შეგვეთავაზებინა ფორმატი, სადაც იგრძნობდნენ, რომ მონაწილენი არიან და ჩვენც თანაბრად მონაწილენი ვიქნებოდით.
პოლიტიკოსია და ეს თავისთავად პოლიტიკურ დატვირთვას აძლევს. ამიტომ ვიმსჯელებთ. პოლიტიკურ მიკერძოებას რაც შეეხება, არიან გაცხადებული პოლიტიკოსები, რომლებიც უფრო მეტად ნეიტრალურები არიან, ვიდრე ზოგიერთი არაპოლიტიკოსი, რომელიც პოლიტიკურად უფრო მეტად მიკერძოებულია, მედიაში თუ არასამთავრობო სექტორში. მანაც უნდა გვითხრას, რატომ გადაწყვიტა კანდიდატურის დაყენება, რა საფუძველი და მიზნები აქვს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა მედიასთან.
შეგახსენებთ, „მოქალაქეებმა“ ლევან იოსელიანი სახალხო დამცველობის კანდიდატად დაასახელა.