საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ქალაქ ჟენევაში ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლეს კომისარს, ფილიპო გრანდის შეხვდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობას გაერო-ს უმაღლესი კომისრის ოფისთან და იმ მნიშვნელოვან პროექტებს, რომლებსაც ორგანიზაცია საქართველოში ახორციელებს დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ასევე, მაღალი შეფასება მიეცა საქართველოს მთავრობის პოლიტიკას დევნილთა სოციალური და ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით.
საგარეო უწყების ცნობითვე, უმაღლესმა კომისარმა დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის ძალისხმევა უკრაინელ დევნილთა მიღების თვალსაზრისით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმ მძიმე ჰუმანიტარული შედეგების გათვალისწინებით, რომლებიც მსოფლიოში შეიქმნა უკრაინის ომის ფონზე.
მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება და აღნიშნეს გაერო-ს მნიშვნელოვანი როლი სამშვიდობო პოლიტიკის გატარების პროცესში.