დეპუტატი, ომბუდსმენობის კანდიდატი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტი სააკაშვილი პოლიტიკურ პატიმრად არ მიაჩნია. მისივე თქმით, სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვა უზრუნველყოს და მიაწოდოს მას ყველა ტიპის სამედიცინო მომსახურება, იქნება ეს ქვეყნის შიგნით თუ გარეთ.
„საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის ჩვენი პოლიტიკური ჯგუფის დამოკიდებულება ე.წ აგენტების კანონის შესახებ. ის არის ერთმნიშვნელოვნად ძალიან უარყოფითი. ინიცირების დღიდანვე, როგორც პარლამენტში, ისე საჯარო სივრცეში ვეწინააღმდეგებით მის მიღებას. ის საფრთხეს უქმნის ევროპულ პერსპექტივას, ახდენს სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაციას და ემსახურება მათთვის ჯაშუშის იარლიყის მიკერებას.
რაც შეეხება სააკაშვილის ნაწილს, ჩვენი პოზიცია ცნობილია, ის არ მიგვაჩნია პოლიტპატიმრად. თუმცა ვთვლით, რომ სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ უზრუნველყოს მისი ჯანმრთელობის დაცვა და მისთვის ყველა ტიპის სამედიცინო მომსახურების მიწოდება, იქნება ეს ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ. ასევე, დავძენ, რომ სახალხო დამცველის არცერთ ანგარიშში არ გვხვდება მისი, როგორც პოლიტიკურ პატიმრად შეფასება", - წერს ლევან იოსელიანი სოციალურ ქსელში.
სახალხო დამცველის პოსტზე ასარჩევად პარლამენტის მოქმედი ვიცე-სპიკერის ლევან იოსელიანის კანდიდატურა პარლამენტს ოფიციალურად წარედგინა. იოსელიანი ომბუდსმენის თანამდებობაზე დასახელებულია პოლიტიკურ ჯგუფ „მოქალაქეების“ მიერ.