პრეზიდენტი: ანტიკონსტიტუციურად უნდა გამოცხადდეს და აიკრძალოს ყველა იმ პოლიტიკური პარტიის საქმიანობა, რომელიც ეწინააღმდეგება მოსახლეობის მიერ არჩეულ გზას

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საგანგაშოა პარლამენტის წევრის მიერ კონსტიტუციის საწინააღმდეგო განცხადებების გაკეთება. მიმდინარე მოვლენებს პრეზიდენტი განცხადებით ეხმაურება.

მისი შეფასებით, ქვეყნის უზენაესი კანონი კონსტიტუციურ ორგანოებს ავალდებულებს ყველა ზომის მიღებას ევროპის კავშირში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.

„ევროკავშირში და ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში სრული ინტეგრაცია საქართველოს კონსტიტუციით გაცხადებული მიზანია.

ანტიკონსტიტუციურად უნდა გამოცხადდეს და აიკრძალოს ყველა იმ პოლიტიკური პარტიის საქმიანობა, რომელიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციის პრინციპებს, ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის მიერ არჩეულ გზას“, - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.