საპატრულო პოლიციის უფროსმა, ვაჟა სირაძემ განაცხადა, რომ პარლამენტთან მიმდინარე აქცია გადაიზარდა პარლამენტის შესასვლელის ბლოკირებაში და პოლიციამ არაერთხელ მოუწოდა მათ წესრიგისკენ, რის შემდეგაც შესაბამისად იმოქმედა.
სირაძის თქმით, აქციის 4 მონაწილე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ფაქტზე დააკავეს.
,,ამ ეტაპისთვის ადმინისტრაციულად ოთხი პიროვნებაა დაკავებული, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ფაქტზე. როგორ ხედავთ, ადგილზე მიმდინარეობდა აქცია, სადაც აქცია გადაიზარდა პარლამენტის უკანა შესასვლელის ბლოკირებაში. მათ პოლიციამ არა ერთხელ მოუწოდა გზის გახსნისაკენ, წესრიგისაკენ, ვინც არ დაგვემორჩილა შესაბამისად იმოქმედეს.
ამიტომ თითოეული აქციის მონაწილეს მოვუწოდებთ, თავიანთი პროტესტი გამოხატონ მშვიდ ვითარებაში და პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს დაემორჩილონ. პროტესტი კანონით დადგენილ ჩარჩოებში უნდა გამოვხატოთ, ამის შესახებ კანონი შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ არსებობს”, - განაცხადა ვაჟა სირაძემ.