ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ევროინტეგრაციის საკმაოდ რთულ გზაზე ჩვენი მხრიდან ყველაფერი იყოს შესრულებული - კალაძე

საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ევროინტეგრაციის საკმაოდ რთულ გზაზე ჩვენი მხრიდან ყველაფერი იყოს შესრულებული, – განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის გაკეთების წლისთავთან დაკავშირებით.

„ჩვენ არაერთხელ მოვისმინეთ განცხადებები, რომ საკმაოდ გრძელი გზაა გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, ევროინტეგრაციის გზაზე, რომელიც არის საკმაოდ რთული, ყველა ნაბიჯი იდგმება, რომ ჩვენი მხრიდან ყველაფერი იყოს შესრულებული.

რაც შეეხება სტატუსის საკითხს, თქვენ იცით, რომ არის კონკრეტული დათქმები. წარმოდგენილია 12-პუნქტიანი გეგმა. იქ პირდაპირ წერია, რომ ოპოზიციაც უნდა ამ ყველაფერში იყოს ჩართული, თუმცა კარგად ვიცით, რომ გვყავს უპასუხისმგებლო ოპოზიცია და მათ საერთოდ არ აინტერესებთ არც ქვეყნის ბედი, არც ქვეყნის მომავალი და არც ევროინტეგრაცია. ხედავთ მათ დღის წესრიგს. მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს 12-პუნქტიანი გეგმა იყოს შესრულებული“, – განაცხადა კალაძემ.

ცნობითვის, დღეს ერთი წელი შესრულდა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე, ოფიციალური განაცხადის გაკეთების ისტორიული დღიდან.