„შეიარაღების მიმართულებით ჩვენ გადავდგით უკვე ძალიან წარმატებული ნაბიჯები და წელსაც ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეკრულებები დაიდო შეიარაღების მიმართულებით. ჩვენ დავდეთ შესყიდვის ხელშეკრულებები ესპანურ, პოლონურ და შვედურ კომპანიებთაან და ვაგრძელებთ შეიარაღების აქტიურ შესყიდვას,” - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა განაცხადა.
ჯუანშერ ბურჭულაძემ დრონების წარმოებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერთობლივი საწარმო წარმატებული პროექტია და მიმდინარე წლის აპრილში სატესტოდ რამდენიმე დრონის საქართველოში წარმოება და გამოცდა იგეგმება.
„ჩვენ სატესტო ფრენები უკვე ჩავატარეთ. აპრილში გვექნება 5 დრონის ნიმუში, რომელიც საქართველოში იქნება წარმოებული და მათ სატესტო ფრენებს ჩავატარებთ. ჩვენს ერთობლივ საწარმოს დავახვედრეთ ახალი აშენებული, გაწყობილი შენობა, სადაც დაიწყება დრონების წარმოება და ეს არის ძალიან წარმატებული პოლონური კომპანია, ვისთან ერთადაც „დელტამ“ ერთობლივი საწარმო დააფუძნა. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ერთ-ერთი წარმატებული საწარმო თავდაცვის სამინისტროში“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.