ჰელსინკის კომისიის განცხადებით, საქართველოს პარლამენტი განიხილავს უცხოელი აგენტების შესახებ რუსული სტილის კანონმდებლობას, რომელსაც შემზარავი გავლენა ექნება საქართველოს მრავალფეროვან სამოქალაქო საზოგადოებაზე.
„იმ ცნობების პასუხად, რომ საქართველოს პარლამენტი განიხილავს რუსული სტილის უცხოელი აგენტების კანონმდებლობას, რომელსაც შემზარავი გავლენა ექნება საქართველოს მრავალფეროვან სამოქალაქო საზოგადოებაზე, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი, თანათავმჯდომარე ბენ კარდინი, წევრი სტივ ჯოენი და წევრი როჯერ უიკერი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ:
„დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ქართველი ხალხი ნათლად და თანმიმდევრულად ირჩევდა, რომ ყოფილიყო დემოკრატიული, ევროატლანტიკური საზოგადოების წევრი. თუმცა, ანტიდემოკრატიული, რუსული სტილის უცხო ქვეყნის აგენტების კანონი თუ ამოქმედდა, ამით უარყოფილი იქნება ქართველი ხალხის ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანების მისწრაფებები და გამოიკვეთება ქართული დემოკრატიის სწრაფი უკუსვლა.
ასევე, ეს იქნება დემონსტრირება ახლანდელი მთავრობის მზარდი სიახლოვისა რუსეთთან, იმავე ქვეყანასთან, რომელსაც საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული, იტაცებს მის მოქალაქეებს, უგულებელყოფს მის სუვერენიტეტს და გენოციდურ ომს აწარმოებს უკრაინის წინააღმდეგ.
ეს კანონი, ისევე როგორც მიმდინარე დემოკრატიული უკუსვლა, მათ შორის პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრება, არის თავდასხმა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობასა და ქართველი ხალხის დასავლურ არჩევანზე. 1991 წლიდან შეერთებული შტატები ქართველი ხალხის მტკიცე და ურყევი მეგობარია. მთავრობის პოზიციის მიუხედავად, ეს არ შეიცვლება.
ამ მეგობრობის სულისკვეთებით, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, უარყოს ინიცირებული კანონპროექტი და ხელახლა აღუთქვას ერთგულება დემოკრატიას“, - ნათქვამია ჰელსინკის კომისიის განცხადებაში.
ინფორმაციისთვის, ჰელსინკის კომისია ამერიკის მთავრობის სააგენტოა, რომელიც 1975 წელს, ჰელსინკის საბოლოო აქტის ვალდებულების შესრულებაზე ზედამხედველობის მიზნით შეიქმნა.