„ჩვენ ვეხმარებით საქართველოს და აქ ვართ იმისთვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს მიერ გაცხადებულ ამბიციას - ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ეს არის ის, რის გაკეთებასაც ვაპირებთ“, ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ტოდ რობინსომა ქართულ მედიასთან განაცხადა, როდესაც ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტზე ჰკითხეს. ჟურნალისტები დაინტერესდნენ რობინსონის პოზიციით იმასთან დაკავშირებით, რომ ხსენებული კანონპროექტი ზოგიერთის მტკიცებით, ამერიკული FARA-ს ანალოგია.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ უპასუხა, რომ კანონპროექტის დეტალურ განხილვაში შესვლას არ აპირებს და როგორც მისთვის ცნობილია, ეს კანონი საქართველოსთვის არ არის კარგი.
„გავაგრძელებთ მუშაობას საქართველოს მთავრობასთან იმის უზრუნველსაყოფად, რომ ვიმუშაოთ ერთად მათ პრიორიტეტებზე, რაც არის ევროატლანტიკური ინტეგრაცია“, - განაცხადა ტოდ რობინსონმა თბილისში, „რედისონში“ მიმდინარე კონფერენციის შემდეგ.
რობინსონი თბილისში ვიზიტისას შეხვედრებს გამართავს იუსტიციის და შინაგან საქმეთა მინისტრებთან.