საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ მდივანთან, ანტონიო გუტერეშთან რეგიონში არსებული ვითარება, ომი უკრაინაში, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მდგომარეობა განიხილა.
პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთმა უნდა აღიაროს, რომ მას არ შეუძლია სხვა ქვეყნების ტერიტორიების ოკუპაცია და დღეს საერთაშორისო საზოგადოებამ უფრო კარგად დაინახა რუსეთის აგრესიული სახე, ვიდრე ეს 2008 წლის ომის დროს მოხდა.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, დღეს როგორც არასდროს, მშვიდობასა და დეოკუპაციას ალტერნატივა არ აქვს.
საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასა და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებს. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე საუბრისას ხაზი გაესვა ამ ფორმატის შედეგიანობის გაზრდის მნიშვნელობას.
საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინის ომის პერიოდში, მოსკოვიდან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიების ე.წ. მთავრობებზე წნეხი გაიზარდა.
ანტონიო გუტერეშმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს აქტიური თანამშრომლობისათვის და აღნიშნა, რომ გაეროს სხვადადხვა ფორმატში მნიშვნელოვან საკითხებსა და პრობლემებთან დაკავშირებით საქართველოს აქტიური თანამშრომლობა მის დამოკიდებულებაში ვლინდება, რომელიც მომავალზეა ორიენტირებული.
საქართველოს პრეზიდენტმა თავის მხრივ ხაზი გაუსვა გაეროს ქალთა სტატუსის შესახებ კომისიის 67-ე სესიაში მონაწილეობის მნიშვნელობას, რადგან ქალთა გაძლიერება საქართველოს განვითარების უმნიშვნელოვანესი ელემენტია.