სახალხო დამცველად არჩევის შემთხვევაში, ჩემი დამოკიდებულება იქნება იმდაგვარი, რასაც ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუცია, რასაც მავალებს სახალხო დამცველის შესახებ კანონმდებლობა, – ამის შესახებ სახალხო დამცველობის კანდიდატმა ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომელმაც უპასუხა კითხვას, „თქვენი არჩევის შემთხვევაში, როგორი იქნება თქვენი პოზიცია პოლიტპატიმრებზე, მათ შორის გვარამიასა და სააკაშვილზე“.
იოსელიანის თქმით, უფლებების თვალსაზრისით, იქნება ყველას სახალხო დამცველი და ყველას უფლების დამცველი.
„ეს არის ელემენტარული ჭეშმარიტება იმისთვის, ვისაც ამ პოზიციაზე მუშაობის პრეტენზია აქვს. თუ მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოში შეუძლებელია, აღმოჩნდეს ისეთი ტიპის სამედიცინო მომსახურება, რომელიც მას სჭირდება და მის ავადმყოფობას განკურნებაში დაეხმარება, მან ეს სერვისი იმ ქვეყანაში უნდა მიიღოს, სადაც ეს მიეწოდება“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
რაც შეეხება ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის დასკვნას, ლევან იოსელიანის განმარტებით, ყველა დასკვნას გაეცნობა და სახალხო დამცველად არჩევის შემთხვევაში, მუშაობას გააგრძელებს იმ ჩარჩოში, რა ჩარჩოსაც ადგენს საქართველოს კანონმდებლობა.
„კონსილიუმის საქმიანობის სტრუქტურას დეტალურად არ ვიცნობ და პასუხების გაცემა გამიჭირდება. წინა სახალხო დამცველმა რაც იმუშავა და რა დასკვნებიც არის ამ ყველაფერთან დაკავშირებით დაწერილი, ყველაფერს გავეცნობი. ყველანაირი შიშები, რომ ვაპირებ რაღაცების უკან გამოხმობას, კიდევ საკონსტიტუციო სარჩელზე იყო საუბარი, ასეთი შიშები აბსოლუტურად უსაფუძვლოა. ჩემი არჩევის შემთხვევაში, იმ ჩარჩოში გავაგრძელებ მუშაობას, რა ჩარჩოსაც ადგენს სახალხო დამცველის შესახებ საქართველოს კანონმდებლობა“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.