ნედ პრაისის თქმით, აშშ ყველას გვერდით დგას, ვინც მშვიდობიანად გამოხატავს უნივერსალურ უფლებას, შეკრების უფლებას

აშშ ყურადღებით აკვირდება თბილისში მიმდინარე პროცესებს. შესაბამისი განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა გააკეთა. მისი თქმით, დეპარტამენტისთვის ცნობილია თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების შესახებ. ნედ პრაისის თქმით, მნიშვნელოვანია, საქართველოს მთავრობამ მოუსმინოს ქართველ ხალხს.

  • დიდი იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მთავრობა მოუსმენს ქართველ ხალხს

„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ბოლო საათებში საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. ჩვენ ვნახეთ ცნობები, რომლებიც თბილისიდან მოდიოდა. ჩვენ ასევე ვნახეთ ცნობები, რომ მომიტინგეებს დაუპირისპირდნენ ცრემლმდენი გაზით და სხვა საშუალებებით, რათა ჩაეხშოთ პროტესტი ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტის წინააღმდეგ.

ჩვენი გზავნილი საქართველოს ხალხისადმი, საქართველოს ხელისუფლებისადმი, ისევე, როგორც მსოფლიოს გარშემო ხალხებისა და ხელისუფლებებისადმი არის ის, რომ აშშ ყველას გვერდით დგას, ვინც მშვიდობიანად გამოხატავს უნივერსალურ უფლებას - შეკრების უფლებას, რათა მათი ხმა გაგონილი იყოს; თავისუფლად ილაპარაკონ; რომ ანგარიშვალდებულება დააკისრონ მათ მთავრობებს.

საქართველოში გავაგრძელებთ ვითარების მონიტორინგს, თუმცა ჩვენი გზავნილია, რომ მშვიდობიან დემონსტრანტებს საშუალება უნდა ჰქონდეთ, რომ ეს უფლება მშვიდობიანად გამოიყენონ. ეს არის უფლება, რომელიც საქართველოს ხალხს და მსოფლიოს მასშტაბით ყველა ქვეყნის ხალხებს აქვთ”, - აღნიშნა ნედ პრაისმა.