ნედ პრაისის თქმით, შემოთავაზებული კანონი იქნება უკუსვლა აშშ-ის შესაძლებლობისთვის, განაგრძოს ქართველ ხალხთან პარტნიორობა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში უკვე მეოთხე განცხადება გაკეთდა საქართველოს პარლამენტში უკვე პირველი მოსმენით მიღებულ კანონპროექტთან დაკავშირებით. პრესსპიკერ ნედ პრაისის თქმით, ხსენებული კანონპროექტის მიღება უზარმაზარი უკუსვლა იქნება ქართველი ხალხის მისწრაფებებისთვის. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, ეს კანონპროექტი შეაფერხებს აშშ-ის უნარს, იყოს ქართველი ხალხის პარტნიორი.

ნედ პრაისის თქმით, მნიშვნელოვანია, საქართველოს მთავრობამ მოუსმინოს ქართველ ხალხს.

ნედ პრაისმა ასევე განაცხადა, რომ ეს კანონპროექტი ყველაზე ფუნდამენტურ უფლებებს დაარტყამს, რომლებიც ცენტრალურია საქართველოს ხალხის მისწრაფებებისთვის.

„ღრმად შეწუხებულები ვართ. ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენგან ხშირად გაგიგიათ ამ გრძნობის შესახებ. და, ღრმა შეწუხების გრძნობაა ამ კანონონპროექტის შესაძლო გავლენების გამო.

ეს კანონპროექტი ყველაზე ფუნდამენტურ უფლებებს დაარტყამს, რომლებიც ცენტრალურია საქართველოს ხალხის მისწრაფებებისთვის კონსოლიდირებული დემოკრატიისთვის, ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის, უფრო ნათელი მომავლისთვის.

ეს კანონპროექტი დამოუკიდებელ ხმებს გააჩუმებს და მათ სტიგმატიზაციას მოახდენს, საქართველოს იმ მოქალაქეებისა, რომლებსაც მეტი არაფრის გაკეთება სურთ, ვიდრე ერთად მუშაობა, რათა უფრო ნათელი მომავალი შექმნან. მომავალი, რომელიც ევროპასთან ინტეგრირებულია, დემოკრატიულია, თავისუფალია, სადაც საქართველოს დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყანაა.

ასე ღრმად ვართ შეშფოთებულები იმის გამო, თუ რა მნიშვნელობა შეიძლება, ამას ჰქონდეს ქართველი ხალხისთვის, მაგრამ იმიტომაც, რომ აშშ საქართველოს პარტნიორია ბოლო ათწლეულების განმავლობაში. მას შემდეგ რაც საქართველოს მისი დამოუკიდებლობა გამოაცხადა, აშშ მაშინვე მის გვერდით იყო, მხარს უჭერდა ქართველი ხალხის მისწრაფებებს.

საქართველოს დამოუკიდებლობის ადრეულ წლებში ეს მისწრაფებები, ზოგიერთ შემთხვევაში, მეტი არაფერი იყო, ვიდრე იდეა. მომდევნო ათწლეულების განმავლობაში ქართველი ხალხი მუშაობდა ამ მისწრაფებების განხორციელებაზე, უზარმაზარ პროგრესს მიაღწიეს დემოკრატიად ჩამოყალიბებაში, რომლისკენაც ამ ადრეული წლებიდან იღწვოდნენ; მიაღწიეს უზარმაზარ პროგრესს ევროატლანტიკურ თანამეგობრობაში საქართველოს ინტეგრაციასა და დარწმუნებაში, რომ საქართველო ამ გზაზე რჩება.

თუმცა ჩვენ ვხედავთ კანონპროექტს, რომელიც უზარმაზარი უკან დახევა იქნება ქართველი ხალხის მისწრაფებებისთვის. უკუსვლა აშშ-ის შესაძლებლობისთვის, განაგრძოს ქართველი ხალხის პარტნიორობა. ყველა, ვინც ხმას აძლევს ამ კანონპროექტს, პასუხისმგებელი იქნება ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის საფრთხის შექმნაზე. ჩვენ არ გვინდა ამის ხილვა. ეს არ სურთ საქართველოს სხვა პარტნიორებსაც, ევროკავშირს, გაეროს და რაც მთავარია, ეს არ სურთ ქართველ ხალხს და სამოქალაქო საზოგადოებას. ყველა მათგანმა მკაცრი განცხადება გააკეთა ამ კანოპროექტთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე.