„ჩემთვის ევროპა არა შოპინგზე სიარულს, არამედ, ღირებულებებს ნიშნავს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ საკუთარ Facebook გვერდზე ვიდეო ჩართვისას განაცხადა.
„მინდა ვთქვა, რომ ევროპაზე საუბრისას, პირადად მე ძალიან ხშირად, განსაკუთრებით ბოლო დღეებში ოპონენტების მხრიდან მხვდება სტატუსები, წერენ - კახა, კარგია ევროპაში შოპინგი? სიღრმეში არ შევალ, მაგრამ ხაზი მინდა გავუსვა, რომ ამ ადამიანებს, პოლიტიკურ ოპონენტებს ევროპა შოპინგამდე დაჰყავთ, რაც მათ მენტალიტეტსა და შეგნებაზე მეტყველებს, ეს ყველაფერი იმის მანიშნებელია, რომ ამ ადამიანებს ღირებულებები არ აქვთ. ჩემი საუკეთესო წლები ევროპაში გავატარე.
ვცხოვრობდი ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ქალაქში, მილანში. ჩემი წარმატებებიც მილანთან და ევროპასთანაა დაკავშირებული, რითაც ძალიან ვამაყობ. ყოველთვის ევროპული ღირებულებებით ვცხოვრობ. ვამაყობ ჩემი ქვეყნით, ტრადიციებით, კულტურით, ამ დამოკიდებულებით ვზრდი ჩემს შვილებსაც. ჩემთვის ევროპა არა შოპინგზე სიარულს, არამედ ღირებულებებს ნიშნავს“,- განაცხადა კახა კალაძემ ვიდეომიმართვისას. მას კორონავირუსი დაუდასტურდა რამდენიმე დღის წინ და იზოლაციაშია.