ლევან იოსელიანი: ვიზუალურადაც ჩანდა, რომ აქციაზე იყო ცალკეული შემთხვევები, სადაც სამართალდამცავი სტრუქტურების მხრიდან ძალის გამოყენების პროპორცია იყო აშკარად გადამეტებული

„რა თქმა უნდა, ვიზუალურადაც ჩანდა, იქ იყო ცალკეული შემთხვევები, სადაც ძალის გამოყენების პროპორცია იყო აშკარად გადამეტებული სამართალდამცავი სტრუქტურების მხრიდან, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა პარლამენტთან 7 მარტს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა. სახალხო დამცველმა სამართალდამცველებს მოუწოდა, არ გადაამეტონ ძალას მოქალაქეებთან მიმართებით.

ლევან იოსელიანის განცხადებით, სახალხო დამცველს ექნება დეტალური განცხადება, რომელსაც გამოაქვეყნებენ.

„სახალხო დამცველის აპარატი, რა თქმა უნდა, დღესაც იქნება აქციაზე და ვითარებას დააკვირდება. ჩვენი თანამშრომლები მუშაობენ ამაზე. მოვუწოდებ ყველას, თავი შეიკავოს ძალადობისგან, შეურაცხმყოფელი მიმართვებისგან, იმიტომ, რომ საბოლო ჯამში, მერე ეს ყველაფერი გადაიზრდება ხოლმე ძალადობაში. ამ შემთხვევაში, მივმართავ სამართალდამცველებს, რომ მათ ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში ანგარიში გაუწიონ თავიანთ ძალას და ყველა ზომა მიიღონ იმისთვის, რომ არ გადაამეტონ მოქალაქეებთან მიმართებაში საკუთარი ძალა,“ - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ომბუდსმენმა კომენტარი გააკეთა ინციდენტთან დაკავშირებით, რომელიც რუსთაველის გამზირზე მის გამოჩენას მოჰყვა.

„მე მივედი აქციაზე იმისთვის, რომ ადგილზე გავცნობოდი რა ხდებოდა. იქ იყვნენ ადამიანები, რომლებიც ჩემი პოლიტიკური წარსული პოზიციების გამო, სავარაუდოდ, ჩემზე გულმოსულები იყვნენ, არ იზიარებდნენ ჩემს პოზიციას და ამას მოჰყვა შეხლა-შემოხლა და მათი მხრიდან შეურაცხმყოფელი შეძახილები, თუმცა ახლა ამას არ აქვს მნიშვნელობა, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი არ არის კავშირში იმასთან, რაც ახლა იქ ხდებოდა. მე მინდა, რომ ცალსახად განვაცხადო - სახალხო დამცველი იცავს ყველას, მიუხედავად იმისა, როგორია მის მიმართ დამოკიდებულება,“ - განაცხადა იოსელიანმა.

შეგახსენებთ, პარლამენტთან საპროტესტო აქცია ისევ მიმდინარეობს. პროტესტის მონაწილეები ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტებს აპროტესტებენ.