პრეზიდენტის შეფასებით, საქართველო არის რუსეთის აგრესიისა და რუსეთის იმპერიალიზმის არა შემდგომი მსხვერპლი, არამედ არის მსხვერპლი ახლაც და ეს შეიძლება იყოს კიდევ ერთი არაპირდაპირი გზა, რომლითაც ის ცდილობს საქართველოში ფეხის მოკიდებას. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა CNN-თან ინტერვიუში რუსეთსა და ე.წ. აგენტების კანონპროექტთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს მისი მდებარეობიდან გამომდინარე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მათ შორის ბალანსისთვის ევროპაში და რუსეთი მას მარტივად არ დათმობს, თუმცა საბოლოოდ რუსეთმა უნდა გაიაზროს, რომ არ აქვს სხვა ქვეყნებში შეჭრის უფლება.
„ჩვენ არ ვართ რუსეთის შემდგომი სამიზნე, ჩვენ უკვე ვიყავით მისი სამიზნე ჯერ კიდევ 1921 წლიდან, მაშინ სრულად ვიყავით ანექსირებული საბჭოთა რუსეთის მიერ. შემდეგ 1992 -1993 წლებში დამოუკიდებლობის მეორედ მოპოვების შემდეგ და კვლავ 2008-ში და ძალიან ბევრი რეპრესია განხორციელდა საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში.
აქედან გამომდინარე, საქართველო არის რუსეთის აგრესიისა და რუსეთის იმპერიალიზმის არა შემდგომი მსხვერპლი, არამედ არის მსხვერპლი ახლაც და ეს შეიძლება იყოს კიდევ ერთი არაპირდაპირი გზა, რომლითაც ის ცდილობს საქართველოში ფეხის მოკიდებას.
საქართველო უკიდურესად მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ვართ შავ ზღვასთან, ჩვენ ვართ ევროკავშირის შემდგომი გაფართოების არეალი, ტრანსკავკასიაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მომავალი ბალანსისთვის მსოფლიოსა და ევროპის გარშემო.
ცალსახაა, რომ რუსეთი მარტივად არ დაგვთმობს, მაგრამ რუსეთი აგებს ომს უკრაინაში, ის კარგავს ნებისმიერი სახის მიზიდულობას, რაც შეიძლებოდა, მას ჰქონოდა, რუსეთის ყველა მეზობელმა იცის, რომ რუსეთი ცდილობდა, ცდილობს და ეცდება სხვა ქვეყნების ტერიტორიების მითვისებას და ეს უნდა შეჩერდეს.
ფუნდამენტური მნიშვნელობა, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომს და იმას აქვს, თუ როგორ დასრულდება ეს ომი, რუსეთის შეჩერებაა, რათა ის აღარ იყოს ოკუპანტი ძალა, რასაც ის წარმოადგენს უკანასკნელი საუკუნენახევრის განმავლობაში. ეს არის ჩვენი მომავალი. რუსეთმა უნდა გაიაზროს, რომ თუ მას სურს იყოს განხილული საერთაშორისო ურთიერთობების ნორმალურ პარტნიორად, მან საბოლოოდ უნდა გაიაზროს, რომ აქვს საზღვრები, როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანას და მას არ აქვს უფლება, შეიჭრას სხვა ქვეყანაში“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.