სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერ, ნედ პრაისის თქმით, აშშ ქართველი ხალხის და მისი მისწრაფებების გვერდით დგას. აშშ იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება, ისევე როგორც ყველა ხელისუფლება მსოფლიოს მასშტაბით, ასახავს მათი ხალხის მისწრაფებებს.
„რაც ეხება იმას, რასაც ახლა ვხედავთ, რა თქმა უნდა, ყოველთვის მხარს ვუჭერთ მსოფლიოს მასშტაბით მოქალაქეების მიერ მათი უნივერსალური უფლებების გამოყენებას. შეკრების თავისუფლება უნივერსალური უფლებაა, მშვიდობიანი პროტესტი უნივერსალური უფლებაა, გამოხატვის თავისუფლება უნივერსალური უფლებაა. ყოველთვის მათ გვერდით ვდგავართ, ვინც მშვიდობიანად გამოხატავს მის უნივერსალურ უფლებებს.
რაც ეხება ამ კანონპროექტებს, ეს საბოლოო ჯამში ქართველი ხელისუფლებისადმი კითხვაა. ამაზე ჩვენი შეხედულებები ძალიან მკაფიოდ გამოვხატეთ, როგორც საქართველოს პარტნიორმა ათწლეულების განმავლობაში. ჩვენ ვართ პარტნიორი, რომელიც დაეხმარა საქართველოს, მისულიყო ახლად მოპოვებული დამოუკიდებლობიდან დემოკრატიის კონსოლიდირებამდე - გვსურს, ვიყოთ იმ პოზიციაში, რომ ამის გაგრძელება შეგვეძლოს.
აშკარაა, რომ მსოფლიოს მასშტაბით ქვეყნებისა და ორგანიზაციების რიცხვია, რომელიც ამ შეშფოთებას იზიარებს. გაგვიგია ევროკავშირისგან, გაეროსგან, მაგრამ ხმები, რომლებსაც ყველაზე საყურადღებოა, წუხილია საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისგან და დამოუკიდებელი აქტორებისგან, რომლებიც ლოგიკურად შეშფოთებულები არიან, რომ ამ კანონების მიღება და რატიფიცირება შეზღუდავს და ხელს შეუშლის მათ შესაძლებლობას, გამოიყენონ ის ფუნდამენტური უნივერსალური უფლებები, რომლებსაც აქვთ ადგილი ამ პროტესტებზე”, - განაცხადა ნედ პრაისმა.