საფრანგეთი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, პატივი სცეს ადამიანის უფლებებს და ევროკავშირის ღირებულებებს, - ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
“საფრანგეთი, როგორც ევროკავშირი, იმეორებს საქართველოს პარლამენტის მიერ გუშინ “უცხოური აგენტების” შესახებ პირველ მოსმენაში მიღებული კანონპროექტის მიერ გამოწვეულ ღრმა შეშფოთებას. ეს ინიციატივა ხელს უწყობს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დისკრედიტაციას და მძიმე დარტყმას აყენებს ქართულ დემოკრატიას. ის წინააღმდეგობაში მოდის ევროპული პერსპექტივისადმი საქართველოს მოსახლეობის ფართო მხარდაჭერასთან.
18 თებერვალს მიუნხენში ქართველ კოლეგასთან შეხვედრის დროს საგარეო საქმეთა მინისტრმა, კატრინ კოლონამ კანონის უზენაესობის კონსოლიდაციის მცდელობების გაგრძელებისკენ, რაც აუცილებელია საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან დაახლოებისთვის. საფრანგეთი მზადაა დაეხმაროს საქართველოს ამ გზაზე.
საფრანგეთი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას პატივი სცეს ადამიანის უფლებებსა და ევროკავშირის ღირებულებებს, კერძოდ, მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლებას. ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება, განსაკუთრებით მართლმსაჯულებისა და პრესის თავისუფლების სფეროში, არსებითია საქართველოს ევროპული პერსპექტივის რეალიზაციისთვის”, - წერია განცხადებაში.