აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი თანამდებობას დატოვებს და უშუალოდ, მდივან ენტონი ბლინკენთან განაგრძობს მუშაობას.
ბლინკენის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ის პირადად სარგებლობდა სპიკერ პრაისის რჩევებით. ამასთან, აღნიშან, რომ ნედ პრაისი დაეხმარა აშშ-ის მთავრობას პრესის თავისუფლების დაცვასა და პოპულარიზაციაში მთელ მსოფლიოში და შექმნა გამჭვირვალობისა და ღიაობის მოდელი, რომელსაც შტატები მხარს უჭერს სხვა ქვეყნებში.
„მიმდინარე თვეში ნედ პრაისი სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის პოსტს დატოვებს.
ნედმა პრაისმა სპიკერის თანამდებობა 2021 წლის 20 იანვარს დაიკავა. ახალი პოზიციის დაკავებიდან რამდენიმე დღეში მან დეპარტამენტში ყოველდღიური ბრიფინგების ტრადიცია დაიწყო, რამაც ჟურნალისტებს მისცა შესაძლებლობა, რეგულარულად დაესვათ რთული კითხვები ჩვენი პოლიტიკის შესახებ. მას შემდეგ ჩატარებული 200-ზე მეტი ბრიფინგის განმავლობაში, ის პატივისცემით ეპყრობოდა ჟურნალისტებს - ისევე როგორც კოლეგებს და ყველას, ვისთანაც ურთიერთობდა.
ნედი დაეხმარა აშშ-ის მთავრობას პრესის თავისუფლების დაცვასა და პოპულარიზაციაში მთელ მსოფლიოში და შექმნა გამჭვირვალობისა და ღიაობის მოდელი, რომელსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ სხვა ქვეყნებში. მისი წვლილი დეპარტამენტს მომავალშიც მოუტანს სარგებელს.
პირადად მე, მუდმივად ვსარგებლობდი მისი რჩევით, ისევე როგორც დეპარტამენტის მრავალი წევრი. საბედნიეროდ, მე შევძლებ ამის გაგრძელებას, რადგან ნედი გააგრძელებს სამსახურს და უშუალოდ ჩემთან იმუშავებს.
ხალხისთვის ამერიკასა და მთელ მსოფლიოში, ნედ პრაისი ხშირად იყო აშშ-ის საგარეო პოლიტიკის სახე და ხმა. თავის მოვალეობას არაჩვეულებრივი პროფესიონალიზმითა და კეთილსინდისიერებით ასრულებდა. დეპარტამენტის სახელით მადლობას ვუხდი ნედს მისი შესანიშნავი სამსახურისთვის“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.