ჩვენი პოლიტიკური ხასიათი ჩვენ მრავალჯერ გამოვავლინეთ. როდესაც ადამიანებს, ბავშვებს, შეცდომაშია შეყვანილი თუ გულწრფელი პროტესტი აქვს, მნიშვნელობა არ აქვს, როდესაც რაღაც რისკის ქვეშ დგება და ეს რაღაც შეიძლება იყოს რომელიმე ბავშვის, ახალგაზრდის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, აქ ასეთი გადაწყვეტილებები უნდა მიიღო. ეს არის ჩვენი პოლიტიკური ბუნება და ხასიათი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„მე ვურჩევ ჩვენს ოპონენტებს ასეთი ბუნება გამოიჩინონ საქართველოს ბედთან დაკავშირებითაც. ამასობაში ჩვენ ევროკავშირის ერთი რეკომენდაცია, რომელსაც არც მიაქციეს ყურადღება და ამ მოვლენებმა გადაფარა, უკვე შევასრულეთ - სახალხო დამცველის არჩევა. რაც კი ჩვენზე იყო დამოკიდებული, აბსოლუტურად ყველაფერი შესრულებულია. საქართველოს ევროპულ კურსზე რომ ლაპარაკობენ, სპეკულირებენ და დააჯერეს. ამ აქციაზე ხომ არ იყო ყველა რადიკალური მიზნებით მოსული?! ძალიან დიდი ნაწილი აღმოჩნდა, რომ იყო გულწრფელი პროტესტის გამომხატველი. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკული პირდაპირი თარგმანი იყო, მიუხედავად იმისა, რომ გამჭვირვალობას ეხებოდა, შეძლეს, რომ ნაწილობრივ აღქმაში გააჩინეს, რომ ეს კანონი იყო რუსულის ანალოგი, როდესაც საერთო არ ჰქონდა რუსულთან რეალურად“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს.