პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული და გაჟღერებულია. აქედან გამომდინარე, ვერავითარ შემთხვევაში ვერ გადაიხედება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებებს, რომ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების გაწვევასთან დაკავშირებით მკაფიო გარანტიებია საჭირო.
- „ქართული ოცნების“ განცხადებით, ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტები ვენეციის კომისიიდან უკვე გამოითხოვეს
- ვენეციის კომისია ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვაზე მოთხოვნის მიღებას ადასტურებს
„პროცედურებთან დაკავშირებით საუბარი ცარიელი სპეკულაციებია. ნებისმიერი კანონპროექტი ნებისმიერ თემაზე შეგიძლია დააინიცირო და რამდენიმე დღეში მიიღო დაჩქარებული წესით, ანუ პროცედურა არაფერ შუაშია. პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული და გაჟღერებულია, აქედან გამომდინარე, ეს ვერავითარ შემთხვევაში ვერ გადაიხედება. დანარჩენი ტექნიკური საკითხია. ვინც ცდილობს, რომ ეს ტექნიკური საკითხი გამოიყენოს მანიპულირებისთვის, რათა ძალადობრივი მუხტი შექმნას, ის არის თანაზიარი პასუხისმგებლობისა, რომელიც შეიძლება ამას უკავშირდებოდეს. ყველას, პოლიტიკანებს, რომლებიც ამაზე სპეკულირებენ, მოვუწოდებთ, რომ თავი შეიკავონ სპეკულაციებისგან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მამუკა მდინარაძემ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გადაწყვეტილების ამოსავალი წერტილი ის იყო, რომ ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე რისკის ქვეშ არ დამდგარიყო.