ამერიკის შეერთებული შტატები დაჟინებით მოუწოდებს მმართველ პარტიას, რომ ოფიციალურად უარყოს ეს კანონპროექტები და აღარ მიჰყვეს ამ ტიპის კანონმდებლობას, რომელიც შეუთავსებელია ქართულ და ევროპულ ღირებულებებთან. შესაბამისი განცხადება საელჩომ მას შემდეგ გაავრცელა, რაც ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს.
„ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ ნათლად თქვა, რომ საქართველოს ერთადერთი არჩევანი უსაფრთხო და წარმატებული ევროპული მომავალია. მივესალმებით ქართული ოცნების გადაწყვეტილებას „უცხოური გავლენის" შესახებ ორივე კანონპროექტის გაწვევასთან დაკავშირებით.
დაჟინებით მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, რომ ოფიციალურად უარყოს ეს კანონპროექტები და აღარ მიჰყვეს ამ ტიპის კანონმდებლობას, რომელიც შეუთავსებელია ქართულ და ევროპულ ღირებულებებთან და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვასთან. მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, რომ გულწრფელად ერთად იმუშაონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვებისთვის სასწრაფოდ საჭირო რეფორმებზე, რაც საქართველოს მოქალაქეების მკაფიო სურვილია“, - ნათქვამია ამერიკის საელჩოს განცხადებაში.
პარლამენტთან აქცია ახლაც მიმდინარეობს.